Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა ტრაგედია უწოდა მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტს


რომის პაპმა ფრანცისკემ საკვირაო ქადაგებაში ტრაგედია უწოდა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ დაპირისპირებას და მოუწოდა მხარეებს, უარი თქვან სამხედრო მეთოდებზე, რასაც „უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი“ ახლავს.

„დღეს, ყველა წმინდანთა ხსენების დღეს (კათოლიკეები 1 ნოემბერს ზეიმობენ), არ უნდა დავივიწყოთ ის, რაც ხდება მთიან ყარაბაღში, სადაც მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი ხანმოკლე ზავის შემდეგ კვლავ ახალი ძალით ჩაღდება. სულ უფრო მეტი სახლი, ინფრასტრუქტურა და საკულტო ობიექტი ნადგურდება. საბრძოლო მოქმედება სულ უფრო მეტად ზემოქმედებს სამოქალაქო მოსახლეობაზე. ეს არის ტრაგედია“, - განაცხადა რომის პაპმა ვატიკანში, საკვირაო ქადაგების დროს.

31 ოქტომბერს, წინა დღით ჟენევაში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, აზერბაიჯანი და სომხეთი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის შიგნით და მის გარშემო მდებარე დასახლებული პუნქტების საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვაში.


სომხეთის ერთიანი საინფორმაციო ცენტრის თანახმად, აზერბაიჯანის არმია ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი „სმერჩისა“ და „გრადის“ რეაქტიული დანადგარებიდან ცეცხლს უშენდა მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქ შუშას, სადაც ჭურვებმა დააზიანა სპარსული მეჩეთი „გოარ აგა“.


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეიჰუნ ბაირამოვმა 1 ნოემბერს თავის თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სომხეთი კვლავ აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის კუთვნილებაა, მაგრამ მას აკონტროლებენ სომხური ძალები, რომლებიც იქ უმრავლესობას წარმოადგენენ. სეპარატისტულმა ძალებმა სომხეთის დახმარებით აზერბაიჯანის არმიასთან 1990-იანი წლების ომის შემდეგ, კონტროლი დააწესეს საკუთრივ რეგიონზე და მიმდებარე მიწებზე.

27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო მოქმედებების განმავლობაში ასეულობით ადამიანი დაიღუპა. ორჯერ რუსეთის და ერთხელ აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შედეგი არ მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG