Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო: მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის შესახებ


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ(ცესკო) მიზანმიმართულ კამპანიად შეაფასა სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული ცნობები, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსია:

„სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და არასწორი ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებსა და დისბალანსთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს მიზანმიმართულ კამპანიას. არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანია საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა“.

ცესკოს განცხადებით, შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი შესაძლოა, გამოწვეული იყოს ობიექტური გარემოებებით, „კერძოდ, რიგ შემთხვევებში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ ის ხმას არ აძლევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რაც იწვევს დისბალანსს მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში და სხვაობას საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემული ხმების ჯამსა და კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას შორის“.

რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როცა შემაჯამებელ ოქმებში მართლაც არის დისბალანსი მონაცემებს შორის, ცესკოს ინფორმაციით, ეს გამოწვეულია შემაჯამებელ ოქმში მონაცემთა შეტანისას დაშვებული შეცდომით და ასეთ შემთხვევაში უზუსტობა აღმოიფხვრება შესწორების ოქმით და შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებით.

ცესკოს განცხადებით, „სამწუხაროა, რომ სხვადასხვა პირები მიზანმიმართულად და შეგნებულად აქვეყნებენ შემაჯამებელ ოქმებს, რომლებშიც დისბალანსი გამოწვეულია ზემოაღნიშნული ობიექტური საფუძვლებით და არსებობის შემთხვევაში, მათ მიერ არ ხდება შესწორების ოქმების ან/და კომისიის შესაბამის წევრთა ახსნა-განმარტებების გამოქვეყნება, რის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და უნდობლობის გაჩენა არჩევნების შედეგებისადმი“.

არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის შესახებ აცხადებს პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური პარტია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც ხმებს პარალელურად ითვლიდა, აღნიშნავს, რომ შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა სიებში მყოფი ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობას და ასეთი დარღვევა დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე, რასაც შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ცესკოს დამაჯერებელი პასუხებისკენ მოუწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG