Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენის პოლიცია: სროლა ვენის ცენტრში, არის მსხვერპლი, არიან დაჭრილები


ავსტრიის დედაქალაქის პოლიციის ცნობით, 2 ნოემბრის საღამოს, ქალაქის ცენტრში, სულ მცირე ექვს სხვადასხვა ადგილზე იყო სროლა.

ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში, ვენის პოლიცია იტყობინება, რომ სროლა დაიწყო საღამოს რვა საათზე, როცა თოფებით შეიარაღებულმა პირებმა, ექვსამდე შემთხვევის ადგილზე ცეცხლი გაუხსნეს ადამიანებს. პოლიცია წერს ერთი მოკლულის შესახებ, დაჭრილია რამდენიმე პირი. ერთი თავმდამსხმელი პოლიციამ მოკლა.

პოლიცია მოსახლეობას შუაღამის დადგომამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე აფრთხილებს განმეორებით, თავი აარიდონ საჯარო თავშეყრის ადგილებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ გარეთ იმყოფებიან, მოძებნონ თავშესაფარი.

3 ნოემბრის შუაღამიდან ავსტრიაში, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, მეორე "ლოკდაუნი" შედის ძალაში და ვენის ცენტრში, რესტორნებსა და ბარებს ბევრი სტუმარი ჰყავდათ, რომლებსაც პოლიცია მოუწოდებს, არ გავიდნენ გარეთ.

ავსტრიის კანცლერმა, ზებასტიან კურცმა, ტვიტერით გააკეთა განცხადება, რომ მადლობას უხდის პოლიციას თავდადებისთვის და თქვა, რომ ტერორისტული თავდასხმა გრძელდება, რომ შეიარაღებული ჯგუფის არაერთი წევრი ჯერ კიდევ არ არის დაკავებული. კურცის თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით, რათა პოლიცია ანტიტერორისტულ ოპერაციაზე იყოს მთლიანად კონცენტრირებული, ობიექტების დაცვა ვენაში, რაც პოლიციას ევალებოდა, არმიას დაეკისრება.

„ბი-ბი-სი“ იმოწმებს შინაგან საქმეთა მინისტრს, კარლ ნეჰამარს, რომ ინციდენტი „ტერორისტული თავდასხმა“ იყო და რომ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ოპერაცია.

ევროპის კავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჯოზეპ ბორელმა, ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ შოკირებულია ვენაში დღევანდელი თავდასხმის შესახებ ცნობით. მან „ძალადობის და სიძულვილის მხდლური ქმედება“ უწოდა მომხდარს და სოლიდარობა გამოუცხადა მსხვერპლს, მათ ოჯახებს და ვენის მოქალაქეებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგი ხალხის სახელით მიმართა ავსტრიას და წერს, რომ „ფრანგები იზიარებენ ავსტრიელების შოკს და გლოვას". მაკრონი წერს: „ეს ჩვენი ევროპაა. ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, ვისთან აქვთ საქმე. ჩვენ არაფერს დათმობთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG