Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში საოლქო კომისიების შენობებთან ოპოზიცია პროტესტს აგრძელებს


თბილისში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან პოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. სამგორში „ენმ - ძალა ერთობაშია“-ს მაჟორიტარ კანდიდატს ლევან ხაბეიშვილს საოლქო კომისიის შენობასთან მობილიზებული პოლიციელები დახვდნენ, რომლებიც შენობას იცავდნენ. „სანამ ჩვენ შეგვეძლება, ვიბრძოლოთ ბოლომდე. აქ აქციას არავინ აპირებდა, მაგრამ ეს საცოდავები დააყენეს აქ, რომ ქურდები და კრიმინალები დაიცვან. არცერთ საჩივარს არ განიხილავენ. ესენი უკანონო დავალებას ასრულებენ. პოლიციას ალყა აქვს შემორტყმული ადმინისტრაციულ შენობაზე. ისინი ასრულებენ გომელაურის დავალებას, რომელიც ივანიშვილის მონაა. რაიონში რამე რომ მოხდეს, კაცი არ ჰყავთ დატოვებული. ნაცვლად იმისა, რომ კრიმინალს ებრძოდნენ, ერთი ლევან ხაბეიშვილისგან იცავენ საოლქო კომისიას“, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რომელიც კომისიის სხდომაზე იმყოფებოდა, იტყობინება, რომ კომისიის განმარტებით, ისინი განიხილავდნენ ტექნიკური ხასიათის საკითხებს.

დაძაბული ვითარება იყო მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან. აქციის მონაწილეებს პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, უკმაყოფილება მოჰყვა.

ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის აქტივისტი ზვიად კუპრავა.

XS
SM
MD
LG