Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი გზავნილი და შეფასება ვაშინგტონიდან


31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იყო საკმაოდ კონკურენტუნარიანი და პროცესუალურად, ძირითადად, კარგად მართული, მაგრამ არჩევნების მსვლელობის დროს გამოვლინდა ხარვეზები და დაფიქსირდა ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინების, ფარულად ხმის მიცემის პროცესში ჩარევის, პარტიის კოორდინატორების ზეწოლის და, ასევე, ოქმების შედგენისა თუ ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ, - განაცხადა აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა, დენიელ ტვაინინგმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტ (GIPA)-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში.

„ეს დარღვევები შემაშფოთებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცველმა სტრუქტურებმა და შესაბამისმა საარჩევნო ადმინისტრაციამ სრულად გამოიძიოს გაყალბების შესახებ არსებული ლეგიტიმური პრეტენზიები და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულის ჩამდენი პირები, რომელ პარტიასთანაც უნდა იყვნენ ისინი აფილირებული“, - განაცხადა დენიელ ტვაინინგმა 5 ნოემბერს გამართული დისკუსიის დროს.

კონკურენტული, მაგრამ არა უნაკლო

ნაკლოვანებებზე საუბრის გარდა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოში ცოცხლობს და ძლიერდება მრავალპარტიული დემოკრატია. ამ კონტექსტში დენიელ ტვაინინგმა „უპრეცედენტო“ უწოდა 9 პარტიის მიერ საარჩევნო ბარიერის გადალახვას და პარლამენტში მოხვედრას.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს შედეგი გააძლიერებს მცირე პარტიებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ელოდებათ არჩევნების განმეორებითი ტური და მომავალი წლის მუნიციპალური არჩევნები“, - დასძინა დენიელ ტვაინინგმა.

რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პრაქტიკულად გაიმეორა ის შენიშვნები და შეფასებები, რომლებიც მანამდე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დასკვნაში აისახა.

„საარჩევნო დარღვევებმა, როგორიცაა ოქმებში სავარაუდო უზუსტობები, ცნობები საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ დამაშინებელი ქცევის შესახებ, შედეგების დაგვიანებული გამოქვეყნება და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდა, გადაფარა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მიღწეული წინსვლა კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით“, - აღინიშნა 2 ნოემბერს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ს, განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საარჩევნო კამპანია ღია და პლურალისტური იყო, NDI-ის თანახმად, გამოვლინდა ასევე ძალადობისა და დაშინების არაერთი შემთხვევა:

  • ხშირად ისმოდა ბრალდებები სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ;
  • მნიშვნელოვნად მაღალი იყო ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობები.

შენიშვნების გარეშე არც ქართული მედია დარჩა: მედიის პოლარიზაციის გამო პარტიებს ტელევიზიებზე არათანაბარი წვდომა ჰქონდათ; მათი საარჩევნო მესიჯები ძირითადად ოპონენტების კრიტიკაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე პრობლემების გადაჭრის გზებზე, - ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ანგარიშში.

იყო თუ არა 31 ოქტომბერი დემოკრატიის უკუსვლა?

5 ნოემბერს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტ (GIPA)-ს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, სპიკერის რანგში მოწვეული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

თავის დროზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განათლების მინისტრი და შემდეგ კი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყო „საქართველოს დემოკრატიის მარცხი და უკუსვლა“.

მაგრამ ასეთ ერთმნიშვნელოვან შეფასებებს თავს არიდებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ არჩევნების შემდეგ წამოჭრილი დავები სამართლებრივი გზით გადაწყდება.

„როცა საქმე დემოკრატიას ეხება, ვფიქრობთ, რომ ყოველი არჩევნები წინგადადგმული დადებითი ნაბიჯი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ნაადრევია ამ არჩევნების დახასიათება, სანამ ხელისუფლება არ მიიღებს საჩივრებს განსახილველად და ნებისმიერი დარღვევის გამოძიებისთვის საჭირო ზომებს. ამ პროცესების შედეგი, ვფიქრობ, უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნის იმაზე, თუ სად ჯდება ეს არჩევნები უფრო ფართო სპექტრში”, - განაცხადა ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ალან გილამმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

31 ოქტომბრის არჩევნები „ნამდვილად რომ არ იყო უნაკლო“, ეს მანამდე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამაც აღნიშნა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE/PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლებმა ის შენიშვნები და ხარვეზები გააცნეს ჟურნალისტებს, რომლებიც მათ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და, ზოგადად, საარჩევნო კამპანიის პროცესში აღმოაჩინეს.

საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები კი ასეთია:

  • დამაშინებელი ატმოსფერო, რომელიც შექმნილი იყო საარჩევნო უბნებზე მყოფი აქტივისტების მხრიდან;
  • საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ხარვეზები;
  • ამომრჩევლებზე ზეწოლა;
  • მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის გამყოფი ხაზის ბუნდოვანება;
  • საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა;
  • პოლარიზებული მედია.

„ეს, რა თქმა უნდა, უარყოფით ზეგავლენას ახდენს არჩევნების სამართლიანობაზე და კარგ სიგნალს არ აძლევს მოქალაქეებს. შესაბამისად, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებსა და ახალ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და დაიწყონ მოქმედება იმისათვის, რომ გააუმჯობესონ საკანონმდებლო ჩარჩო“, - განაცხადა ანგარიშის პრეზენტაციის დროს ტინი კოქსმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ხელმძღვანელმა 1 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ერთპარტიული პარლამენტი?

31 ოქტომბერს საქართველოში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ 61 მანდატი აქვს. შემდეგ ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ - „ძალა ერთობაშია“ - 35 მანდატით, შემდეგ მოდიან „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო“ (4 მანდატი), „პატრიოტთა ალიანსი“ (4 მანდატი), „გირჩი“ (4 მანდატი), „მოქალაქეები“ (2 მანდატი) და „ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი).

30 მაჟორიტარული ოლქიდან 14-ში, ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია გამარჯვებული, რაც პარტიის მანდატების რაოდენობას 74-მდე ზრდის.

არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ეთანხმებიან ოპოზიციური პარტიები და უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე.

3 ნოემბერს 10-ზე მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ - მათაც, ვინც, არსებული მონაცემებით, ხვდება პარლამენტში, და მათაც, ვინც ზღვარს ვერ ლახავს - ხელი მოაწერა მოთხოვნას განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

„ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომ არ შევიდეთ პარლამენტში. არ მივიჩნევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის უკანონოდ არის არჩეული“, - ნათქვამია მათ საერთო მოთხოვნაში.

მანამდე ოპოზიციური პარტიები შეხვდნენ ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს. დახურულ კარს მიღმა გამართული საუბრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები პრაქტიკულად ერთხმად აცხადებდნენ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებისგან მიიღეს განმარტება, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს ხალხი წყვეტს და არა საერთაშორისო ორგანიზაციები:

„ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ჯილიან სტირკმა თქვა უმთავრესი რამ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას და ვალიდურობას ადგენს ქართველი ხალხი“, - განაცხადა საარჩევნო სუბიექტის „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ, რომლის თქმითაც, „ქართველი ხალხის განწყობას გამოხატავს დღევანდელი ქართული ოპოზიცია, რომელიც არის მეტად კონსოლიდირებული, ვიდრე ოდესმე“.

საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „გირჩი“, „ლეიბორისტული პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“, პატრიოტთა ალიანსი“ - ეს იმ პარტიების ჩამონათვალია, რომლებიც აცხადებენ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევლენ. ისინი უნდობლობას უცხადებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დაწყებულ ხმის გადათვლის პროცესს და ვადამდელი არჩვენების ჩატარებას მოითხოვენ.

მაგრამ განმეორებითი არჩევნების ჩატარებაზე კატეგორიულ უარს ამბობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებმა შესაძლოა დაკარგონ სახელმწიფო დაფინანსება.

„ბუნებრივია, კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, ანუ ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, ამ შემთხვევაში მას უარი უნდა ეთქვას, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დაფინანსებაზეც. ეს იქნება, ბუნებრივია, ძალიან ლოგიკური, ამაზე პარლამენტი ალბათ იმსჯელებს“, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ეუთო-ოდირის დამკვირვებლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ხმის გადათვლის პროცესში, რომელსაც ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს, ცესკოს წინასწარი მონაცემები შეიცვალა ერთ მაჟორიტარულ ოლქში.

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქში პირველ ტურში მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი ვეღარ იმარჯვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სამაჟორიტარო ოლქშიც 21 ნოემბერს მეორე ტური იმართება.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს 74 მანდატი მოგროვებული და უმრავლესობაში მოსასვლელად მხოლოდ 2 მანდატი სჭირდება. ცესკოს მონაცემებს ზღვარგადალახული პარტიები არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ პარლამენტში არ შევლენ.

ისინი ერთიან სამოქმედო გეგმას თავიანთ მომხრეებს 8 ნოემბერს გააცნობენ თბილისში, პარლამენტის წინ დაგეგმილ გაერთიანებულ მიტინგზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG