Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხალხის ხმების ქურდები ციხეში" - ზუგდიდის საოლქო კომისიასთან აქცია გიმართა


გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილები 2 საათის განმავლობაში ცდილობდნენ შენობის ფასადზე საპროტესტო პლაკატი გაეკრათ, რომლის უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

„ხალხის ხმების ქურდები ციხეში“, - ამ შინაარსის პლაკატი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ანა წითლიძემ მაინც გააკრა შენობაზე. წარწერის პარალელურად მასზე გამოსახულები არიან ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ზუგდიდის საოლქო სარჩევნო კომისიის წევრები. ამის შემდეგ აქცია დასრულდა, თუმცა ორგანიზატორებმა განმარტეს, რომ საპროტესტო შეკრებები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და „ხელისუფლებას ხალხის ხმების მოპარვა არ შერჩება“. მათივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობის სამართალდამცველები დახვდებათ ადგილზე, არ შეუშინდებიან და პროტესტი არ გაჩერდება.

მანამდე შეკრებილები ითხოვდნენ შენობაში შესვლას და ოლქის თავმჯდომარესთან შეხვედრას, რათა მისგან მოესმინათ ახსნა-განმარტება, თუ „რატომ გააყალბა არჩევნები“.

აქციის მონაწილეებს ხელთ ჰქონდათ პლაკატები წარწერით: "ოქმების გამყალბებლები", "ხალხის ხმების ქურდები ციხეში", "ალი ბაბა და 40 ყაჩაღი 41 გამოდის".

დღესვე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ავტომანქანებით და საყვირებით ქალაქში იმავე მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს, დაარიგეს ფლაერები და მოუწოდეს მოქალაქეებს, ხვალ თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG