Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდეს 


თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.

ცესკო-ს სწავლების ყოფილ სპეცლიალისტს, აკაკი ხუსკივაძეს და 2020 წლის არჩევნების ერთ-ერთი დამკვირვებელს, აკაკი კობალაძეს, სასამართლოს ინფორმაციით, „ბრალად ედებათ მოხელისათვის პირდაპირ მის სასარგებლოდ ფულის შეთავაზება, რათა მან თანამდებობრივი უფლების განხორციელების და მოვალეობის შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ასევე, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად. ბრალდებულ ა.კ-ს ასევე ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგი შეძენა და შენახვა".

საქმის მასალების თანახმად, „2020 წლის 6 ნოემბერს, ქალაქ თბილისში, ბრალდებულები პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შეხვდენენ ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შესთავაზეს თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება და არჩევნების თითქოსდა გაყალბების თაობაზე მასმედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება. არჩევნების გაყალბების და თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადების გაკეთების შემთხვევაში, ბრალდებულები თედორე გობეჯიშვილს მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ, ხოლო უარის შემთხვევაში დაემუქრნენ დაპატიმრებით და ასევე მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით, რითაც აიძულებდნენ შეთავაზებაზე დათანხმებას".

„ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ხელაშვილმა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალება „ნაციონალურ მოძრაობას" დაუკავშირა და სამართალდამცველების სისხლის სამართლის საქმის აღძვრისკენ მოუწოდა. ხუსკივაძე და კობალაძე იმავე საღამოს დააკავეს.

საგამოძიებო უწყებებისა და მმართველი პარტიის ბრალდებები აბსურდულია დაკავებულების ადვოკატისთვის, ბექა ბასილაშვილისთვის. მან "მთავარ არხზე" საუბრისას თქვა, რომ ხელისუფლება მომხდარი ტრაგედიით მანიპულირებს და პროპაგანდისთვის გამოყენებას ცდილობს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 დეკემბერს, 12:00საათზე დაინიშნა.

XS
SM
MD
LG