Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტი პოლიტიკოსებს მთიან ყარაბაღზე კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს


სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გამოვიდა ინიციატივით, რომ დაუყოვნებლად გაიმართოს ფართო პოლიტიკური კონსულტაციები მთიანი ყარაბაღის გარშემო მიღწეული შეთანხმების თაობაზე, რასაც მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.


„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების მოწესრიგება საერთო-ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. ნებისმიერი ნაბიჯი და ქმედება, რაც შეეხება არცახის (მთიანი ყარაბაღის) და სომხეთის უსაფრთხოებას და მთელი სომეხი ხალხის უფლებებს, მით უფრო, ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერა, უნდა იყოს საყოველთაო მსჯელობისა და კონსულტაციის საგანი“, - ნათქვამია არმენ სარქისიანის განცხადებაში.

თავად არმენ სარქისიანმა განაცხადა, რომ სამმხრივი შეთანხმების შესახებ მხოლოდ პრესის საშუალებით გაიგო და, როგორც პრეზიდენტს, არ მიუღია მონაწილეობა არავითარ მოლაპარაკებებში.

სომხეთში მასობრივი არეულობები დაიწყო მას შემდეგ, რაც 9 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას.

ოპოზიციამ ფაშინიანი კაპიტულაციაში დაადანაშაულა და მისი გადადგომა მოითხოვა. გვიან ღამით, საპროტესტო აქციის მონაწილეები სომხეთის მთავრობის და პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ.

ფაშინიანის, ალიევისა და პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის პირველი სამი პუნქტის თანახმად:

1. 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულად წყდება ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება და აზერბაიჯანი და სომხეთი ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე;

2. აღდამის რაიონი და სომხური მხარის მიერ გაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს უბრუნდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე;

3. გამყოფი ხაზის და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განთავსდება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი;

ამავე შეთანხმებით, 2020 წლის 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს კელბაჯარის რაიონს და 1 დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს და იტოვებს ლაჩინის 5-კილომეტრიან დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთთან, თუმცა არ შეეხება ქალაქ შუშას. იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიასა და მის მიმდებარე რაიონებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლით.

შეთანხმებით უკმაყოფილო მოქალაქეები წუხელ შეიჭრნენ მთავრობისა და პარლამენტის შენობებში, დააზიანეს ფაშინიანის სამუშაო კაბინეტი და სასტიკად სცემეს პარლამენტის სპიკერს, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ადგილსამყოფელი უცნობია. მან მხოლოდ ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომ სომხეთშია და თავის მოვალეობას ასრულებს.

ოპოზიციური პარტიები ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG