Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დაგმო სომხეთის სპიკერზე თავდასხმა


გიორგი წერეთელმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ღრმა წუხილი გამოხატა ბრბოს მიერ სომხეთის ეროვნული კრების სპიკერ არარატ მირზოიანზე განხორციელებული ძალადობის გამო.

სომხეთის პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს 10 ნოემბერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილო არიან მთიანი ყარაბაღის გარშემო ომის შეწყვეტაზე დადებული შეთანხმებით.

სპეციალურ განცხადებაში გიორგი წერეთელი ასევე გამოეხმაურა სამმხრივ აზერბაიჯანულ-სომხურ-რუსულ შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამ დოკუმენტით საბოლოოდ გახდება შესაძლებელი სისხლისღვრის შეჩერება.

„გრძელვადიანი მშვიდობისაკენ მიმავალი გზა ხშირად უფრო რთულია, ვიდრე თავად ომი. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინოს მოლაპარაკების დაწყების კეთილი ნება, უზრუნველყოს დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნება, საბოლოოდ მიაღწიონ კონფლიქტის ყოველმხრივ მოწესრიგებას და ერთად აშენონ მომავალი“, - ნათქვამია გიორგი წერეთლის მიმართვაში, რომელსაც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ავრცელებს.

გიორგი წერეთელი საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე 2017 წლის ნოემბრიდან იმყოფება. ამ თანამდებობაზე მან შეცვალა ავსტრიელი კრისტინ მუტონენი, რომლის პარტია სამი წლის წინ ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა.

XS
SM
MD
LG