Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ხვალ, 12 ნოემბერს, ასლან ბჟანიას მიიღებს


ვლადიმირ პუტინი, ასლან ბჟანია
ვლადიმირ პუტინი, ასლან ბჟანია

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხვალ, 12 ნოემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მოლაპარაკებების დროს, რომელიც სოჭში გაიმართება, იგეგმება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების მდგომარეობისა და პერსპექტივის განხილვა, განიხილება ასევე რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2014 წლის 24 ნოემბრის შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობა და საკითხები, რომლებიც შეეხება რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგარეო-პოლიტიკურ კოორდინაციასა და ურთიერთქმედებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტით ოქტომბრის ბოლოდან იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მაშინ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში პუტინი ბჟანიასთან შეხვედრას არ გეგმავდა.

მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, დმიტრი კოზაკოვს შეხვდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 22 მარტს ჩატარდა. დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმების 56,5%-ით გამარჯვებულად გამოაცხადა ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია. ე.წ. პრეზიდენტის ფიცი მან 23 აპრილს დადო.

ე.წ. პრეზიდენტად არჩევამდე და არჩევის შემდეგაც ბჟანიამ განაცხადა, რომ თბილისთან მოლაპარაკების ახალი ფორმატის მომხრეა. ამასთან, ასლან ბჟანია წინამორბედების მსგავსად ამბობს, რომ საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG