Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ნაბიჯი ევროპამდე - თამაში, რომელსაც ოცდაათი წელი ველოდით


ოცდაათი წლის წინ დაწყებული ოცნების ახდენასთან ასე ახლოს არასოდეს მივსულვართ. ერთი ნაბიჯი - ერთი მოგებული თამაში და საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. პირველად, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

სლოვაკი სპეციალისტის ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი უახლესი ისტორიის დაწერას დღეს შეეცდება, თბილისში, „დინამო არენაზე“. ევროპის საშუალო და საშუალოზე დაბალი რანგის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებს რეალური შანსი აქვს, გახდეს საქართველოს ყველა დროის ყველაზე წარმატებული ეროვნული საფეხბურთო გუნდი. მერე რა, რომ ნანატრი მიზნის მისაღწევად მათ მიერ გავლილი გზა ყველაზე მარტივია იმ გზებს შორის, რომლებზეც ბევრად უფრო სახელიანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ჩვენს ნაკრებებს უწევდათ სიარული. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემთხვევაში, თაობებისა და გუნდების შედარებისას გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ საბოლოო შედეგი იქნება.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები

ისტორიის დასაწყისი

1992 წელს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი გახდა და ჩვენმა ნაკრებმა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება მიიღო. დიდი ტურნირების შესარჩევი ეტაპების ისტორია კი ისეთი უიღბლო თამაშით დაიწყო, უარესს არავინ ელოდა - ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრებმა თბილისში წაგებით (0:1) გახსნა. ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქის კართან იმდენი საგოლე მომენტი შექმნეს, მათი ნახევარიც რომ გამოეყენებინათ, დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო, მაგრამ, საბოლოოდ ქულაც სანატრელი გახდა.

იმ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე შთამბეჭდავი თამაშიც ჩაატარა. ორჯერ მოუგო ძლიერ უელსს - შინ 5:0, ხოლო სტუმრად - 1:0 და თბილისში დაამარცხა (2:1) მსოფლიოს მოქმედი პრიზიორი ბულგარეთი. ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლა (გერმანიის და ბულგარეთის შემდეგ) ევროპირველობაზე მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა.

მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეოთხე ადგილით დაასრულა. ჩამორჩა ინგლისს, იტალიას და პოლონეთს და გაუსწრო მოლდოვას. 2000 წლის ევროპირველობის შესარჩევ ციკლში კი წინა ორი ციკლის შედეგი კიდევ უფრო გააუარესა და ექვსგუნდიან ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. არადა 1998 წელს საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში ისტორიაში ყველაზე მაღალი — 42-ე ადგილი ეკავა. ჯგუფის შემადგენლობა კი ისეთი იყო, უკეთესს ვერავინ ინატრებდა: ნორვეგია, სლოვენია, საბერძნეთი, ლატვია, ალბანეთი და საქართველო.

ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიც საშინლად წარუმატებელი აღმოჩნდა - ისევ ბოლო ადგილი, თუმცა იმ ციკლში საქართველოს ნაკრებმა ერთი ბრწყინვალე გამარჯვებით მაინც გაახარა ქომაგი - მოუგო რუსეთის ნაკრებს (1-0).

ორ უღიმღამო მცდელობას შორის იყო 2002 წლის „მუნდიალის“ შესარჩევ ციკლი და მესამე ადგილი (ჩამოვრჩით იტალიას და რუმინეთს და ვაჯობეთ უნგრეთს და ლიეტუვას), რომელიც ფინალურ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. მერე კი... დიდი ხნით, ეს შედეგიც სანატრელი გახდა.

რეგრესი და ანტირეკორდი

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ქართველებმა ჯგუფში მხოლოდ ყაზახეთის ნაკრებს აჯობეს. ევრო-2008-ის შესარჩევში - მხოლოდ ფარერის კუნძულებს, მაგრამ წარუმატებლობის მიუხედავად, ერთხელ, შთამბეჭდავი გამარჯვების გემოც გაგვახსენეს - თბილისში 2:0 მოუგეს იმ პერიოდში საკმაოდ ძლიერი შოტლანდიის ნაკრებს, რომელიც ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოდა.

თითქოს უარესი რაღა უნდა მომხდარიყო, მაგრამ... მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრებმა ისე ჩაამთავრა, იტალიასთან, ირლანდიასთან, ბოლგარეთთან, კვიპროსთან და მონტენეგროსთან, ჯგუფში ჩატარებული ათი თამაშიდან ერთიც ვერ მოიგო. არადა გუნდს სათავეში ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი ედგა.

ერთწლიანი წარმატება და ახალ-ახალი იმედგაცრუებები

კუპერის შემდეგ, 2010 წლის 1 იანვარს საქართველოს ნაკრებს სათავეში თემურ ქეცბაია ჩაუდგა და მისმა გაწვრთნილმა გუნდმა წელი ისტორიული შედეგით ჩაამთავრა - ერთი თამაშიც არ წაუგია, მაგრამ… დიდი ტურნირებისკენ მიმავალ გზებზე ჩვენთვის სასიკეთოდ მაინც არაფერი შეცვლილა. ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ხმაურიანი გამარჯვებით გაგვახარა - თბილისში მოუგო ხორვატიას. მთლიანად ციკლი კი ბოლოსწინა ადგილით დაასრულა. ჩამორჩა საბერძნეთს, ხორვატიას, ისრაელსა და ლატვიას და გაუსწრო მხოლოდ მალტას.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ესპანეთი და საფრანგეთი ერგო. ასევე ფინეთი და ბელარუსი. აჯობა მხოლოდ ბელარუსს და ისევ ბოლოსწინა ადგილს დასჯერდა

ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ოთხი მატჩიდან სამის წაგების (ირლანდია 1:2, შოტლანდია 0:1, პოლონეთი 0:4) შემდეგ, თემურ ქეცბაიამ თანამდებობა დატოვა. მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გახდა, მაგრამ მხოლოდ ერთი წლით. შემდეგ კი ეროვნულ გუნდს სათავეში სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი ჩაუდგა.

ევროპის 2016 და 2020 წლის ჩემპიონატების და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდები საქართველოს ნაკრებმა ერთნაირი შედეგით, ჯგუფში დაკავებული ბოლოსწინა ადგილით დაასრულა. 2016-ში გერმანიას, პოლონეთს, ირლანდიასა და შოტლანდიას გვარიანად ჩამორჩა და მხოლოდ გიბრალტარს აჯობა. 2018-ში სერბეთთან, ირლანდიასთან, უელსთან და ავსტრიასთან ვერას გახდა და მარტო მოლდოვას გაუსწრო, ოღონდ ისე, რომ ჯგუფში ერთი თამაშიც ვერ მოიგო. 2020-ში კი ბოლო - მეხუთე ადგილს ისევ გიბრალტარმა „გადაგვარჩინა“. პირველი სამი პოზიცია შვეიცარიამ, დანიამ და ირლანდიამ შეავსეს.

ვლადიმირ ვაისი

ბოლო ორი შესარჩევი ციკლის სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, სლოვაკი მწვრთნელის დამოძღვრილ საქართველოს ნაკრებს ახალი არაფერი შემოუთავაზებია. ვაისის ხელში, გუნდმა პირველი ათი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო. ისიც ამხანაგური მატჩი, მაგრამ ის ერთი გამარჯვება მაინც ცალკე სასაუბრო თემაა - ქართველმა ფეხბურთელებმა 2016 წლის ივნისში, მადრიდში მოუგეს (1:0) ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს.

ვლადიმირ ვაისი
ვლადიმირ ვაისი

საქართველოს ნაკრებმა წინა საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან დღემდე ოცამდე მწვრთნელის ხელში გაიარა. მათ შორის, ყველაზე ხანგრძლივი ვადით - ოთხი წლით გუნდს სათავეში თემურ ქეცბაია ედგა. ვლადიმირ ვაისი ახალი რეკორდსმენია. ალბათ ამ ცხრილის თავში მოხვედრას ვერ შეძლებდა, რომ არა უეფას მიერ ორიოდ წლის წინ წამოწყებული ახალი სანაკრებო ტურნირი, რომელმაც დაბალრეიტინგიანი ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი საგრძნობლად გაზარდა.

ერთა ლიგა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, 2018 წლიდან, ევროპის ჩემპიონატის ტრადიციული შესარჩევი ციკლის პარალელურად, გუნდებს ევროპირველობაზე მოხვედრის დამატებითი შანსი მისცა. უეფას წევრი 55 ქვეყნის ნაკრები საფეხბურთო რეიტინგების მიხედვით დაჰყო და ოთხ დივიზიონში გადაანაწილა. დივიზიონების საუკეთესო ნაკრებები ევრო-2020-ის (ახლა უკვე ევრო 2021-ის) საგზურებს მიიღებენ.

საქართველოს ნაკრები ყველაზე დაბალრეიტინგიან D დივიზიონში მოხვდა, სადაც ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფი დაკომპლექტდა. ქართველმა ფეხბურთელებმა ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორის ნაკრებებთან ორ-ორჯერ ითამაშეს, ჯამში ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან ხუთი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს, ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავეს და პლეი ოფის საგზურიც მოიპოვეს. სხვა ჯგუფებიდან პლეი ოფში გავიდნენ ბელარუსი, ჩრდილოეთ მაკედონია და კოსოვო.

ამ ოთხ ნაკრებს შორის, ევროპირველობის შესარჩევი ციკლი თითომატჩიანი პლეი ოფის სისტემით გაგრძელდა და... პლეი ოფის მატჩების წილისყრაში საქართველოს ნაკრებს ისე გაუმართლა, როგორც არასდროს - ნახევარფინალშიც და ფინალშიც საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მოიპოვა.

8 ოქტომბერს, „დინამოარენაზე“ გამართულ ნახევარფინალში ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა ბელარუსს მოუგო - 1:0. ბოლო გამოცდა კი დღეს უნდა ჩააბაროს, ისევ „დინამოარენაზე“, მაკედონიის ნაკრებთან.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG