Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვის თქმით, რუსეთი ნავალნისთან დაკავშირებით სანქციებს დაუწესებს გერმანიასა და საფრანგეთს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით.

ევროკავშირის ქვეყნებმა სპეციალისტების ანალიზების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ნავალნი რუსეთში იქნა მოწამლული ქიმიური იარაღით, „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირმა სანქციები შემოიღო რუსეთის ექვსი მოქალაქის წინააღმდეგ. მათ შორის არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, ფსბ-ს დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი და სხვა ოფიციალური პირები.

ლავროვის თქმით, რუსეთის სანქციები „სარკისებური“ იქნება. მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია და საფრანგეთი ინიციატორები იყვნენ რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებისა, ამიტომ რუსეთის სანქციები შეეხება „გფრ-სა და საფრანგეთის ხელმძღვანელთა აპარატების მაღალი რანგის თანამშრომლებს“. ლავროვის სიტყვებით, მათ შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მალე ამ ქვეყნებს ოფიციალურად გამოეცხადებათ, ვინ მოხვდა სიაში.

სანქციები, როგორც წესი, ნიშნავს ვიზაზე უარს და აქტივების გაყინვას, თუკი ასეთები არსებობს.

ლავროვმა დღეს რუსეთისა და უცხოეთის მედიასაშუალებებს მისცა ინტერვიუ. ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ რუსეთს აქვს „ყოველგვარი საფუძველი, იფიქროს“ რომ ის ან გერმანიის ტერიტორიაზე მოწამლეს, ან თვითმფრინავში, რომელმაც ის ომსკიდან ჩაიყვანა ბერლინის კლინიკა Charite-ში. რას ემყარება ასეთი დასკვნა, რით აიხსნება, რომ ნავალნი კომაში აღმოჩნდა გერმანიაში ტრანსპორტირებამდე და რატომ გამომჯობინდა ის გერმანიაში, ლავროვს არ უთქვამს.

ნავალნის ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ლავროვის განცხადებაზე.

მოსკოვს ჯერჯერობით არ მოეპოვება იმის ოფიციალური ვერსია, რა მოუვიდა ნავალნის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG