Accessibility links

დავით ბაქრაძე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე: ვფიქრობ, კომპრომისის სივრცე არსებობს


დავით ბაქრაძე

„ჩვენი პოზიცია დღევანდელ შეხვედრაზე იყო უცვლელი, რომ გამოსავალს პოლიტიკური კრიზისიდან ვხედავთ ახალი არჩევნების ჩატარებაში", - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია და კომპორმისის გამოძებნა პასუხისმგებლიანმა ძალებმა თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა სცადონ:

„პროცესი გაგრძელდება. მოდი, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ერთი ან თუნდაც ორი შეხვედრით რაიმე გადაწყდება. ეს არის უმძიმესი თემა. ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში... და ამოცანა ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების, გახლავთ ის, რომ თანდათან ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნა. ოღონდ ბუნებრივია ამ კომპრომისის გამოძებნის პროცესში ჩვენი პოზიცია არის მყარი, რომ ის, რაც არის ქვეყნისთვის ცუდი და უკანონო, იმის ხარჯზე კომპრომისი ვერ შედგება. მაგრამ ვფიქრობ, კომპრომისის სივრცე არსებობს და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, საბოლოო ჯამში მხარეები მოვახერხებთ იმედი მაქვს მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე პირველი დიალოგი 12 ნოემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. დიალოგი რამდენიმე საათს გაგრძელდა და მას ოპოზიციიდან ესწრებოდნენ: გრიგოლ ვაშაძე ("ნაციონალური მოძრაობა"), დავით ბაქრაძე ("ევროპული საქართველო"), გიორგი ვაშაძე ("სტრატეგია აღმაშენებელი"), ბადრი ჯაფარიძე ("ლელო"), ზურა ჯაფარიძე ("გირჩი"), ირმა ინაშვილი ("პატრიოტთა ალიანსი"), ალეკო ელისაშვილი ("მოქალაქეები") და შალვა ნათელაშვილი ("ლეიბორისტული პარტია") - ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც 1%-იანი ზღვარი გადალახა. შეხვედრაზე მივიდა პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" ლიდერი არჩილ თალაკვაძეც.

31 ოქტომბრიდან დღემდე ოპოზიცია ქუჩის აქციებით ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ისინი არ იზიარებენ იმ შედეგებს, რომელიც ამ მოცემულობით მათ აქვთ. ერთი მხრივ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი აყენებენ წინაპირობებს, რომელსაც მეორე მხარე არ ეთანხმება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია რიგგარეშე არჩევნები, ხელისუფლება კი მხოლოდ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ აპირებდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.

12 ნოემბერს მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ დიალოგის მეორე რაუნდის უახლოეს დღეებში ჩატარების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG