Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰესების გამო ჩაძირული საბჭოთა ქალაქები


30-იან წლებში რუსეთში ვოლგაზე კაშხლის მშენებლობა დაიწყო. ჩაძირეს 600 დასახლებული პუნქტი, ათასობით ჰექტარი ტყე და ქალაქი მოლოგა, მთელი თავისი ქუჩებით, ღირშესანიშნაობებით, შენობებითა და 500-წლიანი ისტორიით. საკუთარი მიწებიდან აყარეს და გადაასახლეს 130 ათასი ადამიანი.

დაიტბოროს დასახლებები ჰიდროელექტროსადგურებისთვის საჭირო წყალსაცავების მოსაწყობად - ასეთ გადაწყვეტილებას საბჭოთა სისტემა ხშირად იღებდა, თუმცა ამ შემთხვევაში მასშტაბი მაინც არნახული იყო. რიბინსკის წყალსაცავი, რომელიც ჩაძირული ქალაქებისა და სოფლების თავზე წარმოიქმნა, საბჭოთა კავშირში სიდიდით მეორე იყო. წყალმა 4 580 კვადრატული კილომეტრი დაფარა.

ქალაქი მოლოგა ისევე ძველი იყო, როგორც მოსკოვი. ის ბუნებითა და ბაზრობებით იყო განთქმული. განსაკუთრებით ფასობდა მოლოგის რძის ნაწარმი.

მოლოგელებს უბრძანეს საკუთარი მიწა-წყლიდან აყრილიყვნენ, ხის სახლები დაეშალათ, წყლის დინებისთვის გაეტანებინათ, შემდეგ კი სხვა ადგილას გამოეტანათ და იქ აეგოთ. ზამთარი დგებოდა, მარტოხელა ქალები სახლებს ვერ შლიდნენ, მაგრამ უკეთეს დღეში არც ისინი იყვნენ, ვინც დაშლა და სხვა ადგილას აწყობა მოახერხა. მორებმა გაშრობა ვერ მოასწრო და ხალხმა ზამთარი სველ სახლებში გაატარა.

ლეგენდები, განცდა იმისა, რომ აქ ცხოვრობდა ხალხი და მათ რაღაც საშინელება დაემართათ, რომ ქალაქი აღარაა, ერთიანად შეგძრავს. არავინ რჩება გულგრილი, მაგრამ ეს მხოლოდ მისტიკისკენ ლტოლვა არაა, არამ შემეცნების სურვილიც“, - ამბობს Current Time-სთან საუბარში მხარეთმცოდნეობის ექსპერტი.

საიდან მოიტანენ ამდენ წყალს?

მოლოგელებს წასვლა არ უნდოდათ. ვინც მაშინ ბავშვი იყო, ახლა უკვე მოხუცია, მაგრამ კარგად ახსოვთ, როგორ ტიროდნენ მათი მშობლები, როდესაც ხელისუფლება სახლების სამ დღეში დატოვებას აიძულებდა. თან ბევრი ვერაფერი მიჰქონდათ, ვერ მიჰყავდათ საქონელი, შინაური პირუტყვი. არსებობს გადმოცემები, რომ ყველა არც წასულა და წყალში დაიხრჩო. ზოგი მოხუცი იყო და მშობლიური სახლის დატოვება არ სურდა, ზოგმა კი, უბრალოდ, ვერ დაიჯერა, რომ შესაძლებელი იყო მთელი ქალაქის ჩასაძირად სამყოფი წყლის მოგროვება.

აქ ადრე მოლოგას ქუჩები იყო.
აქ ადრე მოლოგას ქუჩები იყო.

კაშხალს გულაგის პატიმრები აშენებდნენ. მშენებლობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა, როგორც საერთოდ ახასიათებდა საბჭოთა სისტემას. გაკაფეს ათასობით ჰექტარი ტყე, დაშალეს სახლები, ააფეთქეს ასამდე ტაძარი და მონასტერი, რადგან მათი დაშლა რთული იყო. წყალქვეშ მოექცა ფიოდორ დოსტოევსკის ძმის, ანდრია დოსტოევსკის მიერ აშენებული სახანძრო კოშკი, რომელიც ღირსშესანიშნაობად ითვლებოდა.

ბოლო წლებში, როდესაც მოლოგის ადგილას წყალსაცავში წყლის დონე კლებულობს, ხალხი შენობების ნანგრევებს არჩევს. ხშირად შიგ ყვავილებს ყრიან, რითაც პატივს მიაგებენ მათ, ვინც დატბორვისას დაიღუპა და მათაც, ვისი საფლავებიც წყალქვეშ დარჩა.

დაივინგი ისტორიის აღმოსაჩენად

რიბინსკის ზღვაშივეა ჩაძირული ძველი სოფელი ვეტრენო. ახლა აქ დაივინგით არიან დაკავებული - წყალში ყვინთავენ და ისტორიულ ნარჩენებს ეძებენ.

„ჩვენთვის აბსოლუტური მოულოდნელობა იყო, როცა მივხვდით, რომ პირველი მკვლევარები ვართ, ვინც სერიოზულად დაიწყო ყვინთვა და იმის გარკვევა, რა ხდება ფსკერზე , - ამბობს მოსკოველი დმიტრი რადჩენკო.

გემები სამრეკლოებს შორის

Current Time წერს, რომ 30-იანი წლების კაშხლების მშენებლობას შეეწირა სხვა დასახლებული პუნქტებიც. ჩაძირული ქალაქები ბოლო წლებში პოპულარული გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წყლიდან ნაგებობები გამოჩნდა. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ქალაქმა კალიაზინმა, სადაც წყლიდან სამრეკლოა ამოწვერილი.

„90-იან წლამდე სამრეკლო არავის ეკუთვნოდა, შემდეგ ადგილობრივი სამღვდელოება ალაპარაკდა, რომ მისი გამაგრება და შენახვაა საჭირო“, - ამბობს ტურისტული სააგენტოს დირექტორი მარინა სელეზნოვა.

ახლა ეს ტურისტების საყვარელი ადგილია. ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ ტურისტები, ხოლო სამრეკლოებს, რომლებიც წყალსაცავში მოჩანს, გემები ორიენტაციის განსასაზღვრად იყენებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG