Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძე არ აპირებს პარლამენტში შესვლას და დიდი ალბათობით არც ხელახალ არჩევნებში მონაწილეობას


გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ „ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ პარლამენტში შესვლის შესახებ თანაპარტიელების გადაწყვეტილების მიღების (თეორიულად) შემთხვევაშიც არ აპირებს პარლამენტში შესვლას.

„მე იმ პარტიულ ორგანიზაციას („ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია), რომელთანაც 2017 წლიდან გავატარე უფრო მეტი დრო, ვიდრე თბილისში ვინმესთან, თავიდანვე მოვილაპარაკე, ვიგებთ მაჟორიტარულ არჩევნებს, შევდივართ, ვერ ვიგებთ - მე სიით პარლამენტში არ შევალ", - თქვა ვაშაძემ.

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ასევე ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. „აზრი არ აქვს. მინიმუმ ექვს მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება იყო პირველ ტურში, რაც უტიფრად მოპარულია", - აღნიშნა მან.

ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძე დიდი ალბათობით არც მასში მონაწილეობას აპირებს. „რაღაც თავი ცხოვრებაში იწყება, რაღაც მთავრდება. მე ეს გადაწყვეტილად არ მითქვამს, მაგრამ დიდი ალბათობით არა. იცით, რა არის, რომ გითხრათ, რომ მე ვაპირებ 30 წელი ვიბალახო ამ მოედანზე, როგორც ზოგიერთები აკეთებენ და ერთი პარტიიდან მეორეში ვირბინო და ა.შ. ნამდვილად არ მაქვს ამის სურვილი. ვნახოთ, მომავალი რას მოიტანს", - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს. პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. ისინი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან არჩევნების გაყალბებაში თამარ ჟვანიას ადანაშაულებენ.

როგორც ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, ისინი მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე პირველი დიალოგი 12 ნოემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG