Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: მილიარდერმა ერთი ადამიანის ყიდვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან


"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ახალ, ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ადმინისტრაციით, თქვა, რომ სტაბილურ განვითარებას და წინსვლას ვერ მოიტანს გაყალბებული არჩევნები და ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის ნახევრის თვალში არის არალეგიტიმური.

"მე ვამაყობ იმით, როგორ დგას დღეს ქართული ოპოზიცია. ძალიან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც დღეს ერთად მტკიცედ დგანან და იცავენ თქვენი, ჩვენი, ამ ქვეყნის მომავალს. დააკვირდით, რას ლაპარაკობს „ქართული ოცნება“: ყოველდღე ამბობენ, მეორე ტურებისთვის ემზადებიან, - არავინ არ ემზადება მეორე ტურებისთვის. ყოველდღე ამბობენ, პარლამენტში შემოსვლისთვის ემზადებიან, - არავინ არ ემზადება პარლამენტში შესვლისთვის. მილიარდერმა ერთი ადამიანის ყიდვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან, ერთი ადამიანის გატეხვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან - ვამაყობ იმით, რომ ერთად ვდგავართ ჩვენ ყველა და ამ ერთიანობით გავტეხავთ სიტუაციას და გავიმარჯვებთ. ჩვენს მხარეს არის პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე - საქართველოს წინაშე უპასუხისმგებლობაა გაყალბებული არჩევნებით პარლამენტში შესვლა და თანამდებობების დაკავება", - თქვა დავით ბაქრაძემ აქციაზე გამოსვლისას.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მაინც მიიღებს მეორე ტურში მონაწილეობას და შესაძლოა შევიდეს პარლამენტში, პერიოდულად ავრცელებენ "ქართული ოცნების" წევრები. ბოლო განცხადება ამის შესახებ 13 ნოემბერს, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა "რუსთავი 2"-ის ეთერში სტუმრობისას, სადაც თქვა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, "ოპოზიციური პარტიები, ის პარტიები, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ მაჟორიტარულ ოლქებში, უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის, მათ შტაბებში არის აქტიური სამზადისი, მოხდა სარეკლამო მასალების განახლება და მიდის მუშაობა".

მსგავსი განცხადება წინა დღეებში გააკეთა ირაკლი კობახიძემაც „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული ერთ-ერთი ბრიფინგისას.

14 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციის დაწყებამდე ოპოზიცია და მმართველი პარტია ერთმანეთს მოლაპარაკების მაგიდასთან მეორედ შეხვდა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში - შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს ლეგიტიმურად. აქციები მათთვის ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა - დაარწმუნონ ხელისუფლება მათი მოთხოვნების შესრულების აუცილებლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG