Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები: შუკაკიძეებს ნიკა მელიას ოფისის გადაწვასთან კავშირი არ ჰქონიათ


ნოდარ და ლევან შუკაკიძეების ადვოკატები უარყოფენ გლდანში ნიკა მელიას ერთ-ერთი ოფისის გადაწვასთან მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების კავშირს. ადვოკატ ია გაბედავას თქმით, ოფისი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ან თვითონ დაარბიეს, ან ეს რეჟიმით განაწყენებულმა გაბრაზებულმა ადამიანმა ჩაიდინა:

„9-წლიანი რეჟიმის დროს ძალიან ბევრი ადამიანი არის მათზე განაწყენებული. გამორიცხული არ არის და მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ფაქტი ან თვითდაგეგმილია, ან რიგითმა ადამიანმა გაბრაზების ნიადაგზე ჩაიდინა აღნიშნული. თუ ვინმეს რაიმე დოკუმენტაცია ან მტკიცებულება აქვს, გამოძიებას უნდა მიაწოდოს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ამ ფაქტთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, არავისთვის დავალება არ მიუცია და არავისთან კონტაქტი არ აქვს”, - განაცხადა ადვოკატმა.

ნიკა მელია გლდანში თავისი ოფისის დაწვას უკავშირებს კობიაშვილ-კალაძესთან დაახლოებულ „კანონიერ ქურდს“ ნოდარ შუკაკიძეს და მის ძმას, ლევან შუკაკიძეს.

„კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი „კანონიერი ქურდი“ ნოდარ შუკაკიძე, რომელიც იმყოფება საბერძნეთის საპატიმროში და მას ყოველდღიური სატელეფონო წვდომა აქვს გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან. გარდა ამისა, მისი ძმის, სუს-თან აქტიურ კავშირზე მყოფი ლევან შუკაკიძის მეშვეობით აკონტროლებს და ძალადობს საარჩევნო პროცესში ყველაფერზე და ყველაზე“, - თქვა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კონკრეტულ ოფისზე თავდასხმის მიზეზებსაც ასახელებს. „რამ გამოიწვია ამ ადამიანების გაშმაგება? ეს უბანი, სადაც ახლა ვსაუბრობ, არის გლდანის მე-3 მიკრორაიონი და მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს 79-ე კორპუსი, რომელშიც ცხოვრობს ლევან კობიაშვილი. აქვე მე-4 კორპუსში წლების განმავლობაში ცხოვრობდა ბატონი კალაძე. ეს უბანი პირწმინდად წააგეს და ახლა კრიმინალების მეშვეობით განახორციელეს ეს მოძალადეობრივი აქტი“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას ბრალდებას თბილისის მერი კახა კალაძემ და გლდანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა ცილისწამება უწოდეს.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სხვისი ნივთის დაზიანებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.

გლდანის რაიონის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში ნიკა მელიამ, როგორც მაჟორიტარმა კანდიდატმა, მიიღო ხმების 44.06%; „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა - 42.47%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG