Accessibility links

თვითმფრინავის გატაცების შემთხვევები საბჭოთა საქართველოში - გაუხმაურებელი ფაქტები


1983 წლის 18 ნოემბერს მოხდა შემთხვევა, რომელსაც მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დღემდე ყურადღების ცენტრშია - ე.წ. „თვითმფრინავის ბიჭებმა“ საბჭოთა საქართველოდან თურქეთში გაქცევა სცადეს. ეს საბჭოთა საქართველოს ავიახაზებზე თვითმფრინავის გატაცების რიგით მეექვსე მცდელობა იყო. მართალია, კიდევ 3 მსგავსი ფაქტი მოხდა, მაგრამ მათი უმეტესობა არ გახმაურებულა. რადიო თავისუფლებამ ამ ფაქტების შესახებ ცნობები მოაგროვა.

სსრკ-დან გაქცევა ბევრს უნდოდა. საბჭოთა კავშირის მასშტაბით, 1991 წლამდე თვითმფრინავის გატაცებისა თუ გატაცების მცდელობის ასზე მეტი ფაქტია დაფიქსირებული, მათ შორის 9 საქართველოს ქალაქების ავიახაზებზე, რადგან გამტაცებლები ხშირად ცდილობდნენ გადასვლას მოსაზღვრე ქვეყანაში, თურქეთში, სადაც აშშ-ის ბაზები იყო განლაგებული.

ბრაუნინგი“, გადაჭრილი თოფი და თოკი მგზავრების გასაკოჭად

ქართული hijacking-ის ისტორია 1966 წლის 3 აგვისტოდან იწყება. თორმეტადგილიანი „კუკურუზნიკის“ პილოტები ვალოდია შლონოვი და ვალერი თომაშვილი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ რეისს ასრულებდნენ - სოხუმი-ფოთი-ბათუმი. სოხუმიდან ფოთამდე თვითმფრინავს შლონოვი მართავდა, ფოთში თომაშვილი შეენაცვლა. მაშინ ის 25 წლის იყო. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ყოფილი მფრინავი წლების წინ მომხდარს ასე იხსენებს:

სამი წუთის აფრენილი ვიყავი, რომ კაბინის კარბზე ვიღაცამ დააკაკუნა. გავაღე. მოხუცი კაცი ხელებაწეული იდგა. ჯერ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მერე სალონისკენ გაიხედა და მეც გავაყოლე თვალი“...

სალონში მგზავრებსაც ხელები ჰქონდათ აწეული, მათ შორის ბავშვებსაც. სამი თავდამსხმელიდან ერთი მათ „ბრაუნინგით“ ედგა თავზე, მეორე - გადაჭრილი თოფით, მესამე სკამზე იჯდა. შემდეგ გაიგეს, რომ მას მგზავრების გასაკოჭად 15 მეტრი თოკი ჰქონდა წამოღებული.

გადავეცი დისპეტჩერს, თვითმფრინავს თავს დაესხნენ და უკან ვბრუნდებით-მეთქი. ფოთის აეროპორტში სამხედროები დაგვხვდნენ ავტომატებით.
ვალერი თომაშვილი

მფრინავებმა ხერხს მიმართეს: თვითმფრინავის ჯანჯღარი დაიწყეს, ხან ქვევით მიფრინავდნენ, ხან ზევით, ხან აქეთ-იქით. საბოლოოდ, სალონში მყოფთაგან უმეტესობა იატაკზე აღმოჩნდა. თავმდამსხმელს ერთი ტყვია გაუვარდა კიდეც, თუმცა არავის მოხვედრია, გაუვარდა მეორედაც - მაშინ, როცა შლანოვი, ორ კურსანტთან ერთად, მის განიარაღებას ცდილობდა.

ხელში მოხვდა ტყვია ერთ კურსანტს. ამასობაში გადავეცი დისპეჩერს, თვითმფრინავს თავს დაესხნენ და უკან ვბრუნდებით-მეთქი. ფოთის აეროპორტში სამხედროები დაგვხვდნენ ავტომატებით. გამოიყვანეს ეს ბიჭები და როგორც ისინი დაჰყავდათ მერე დაკითხვაზე, ისე ჩვენ დავყავდით, ვწერდით და ვწერდით“.

ვალერი თომაშვილი ჰყვება, რომ სამიდან ყველაზე უფროსი 28 წლის იქნებოდა, დანარჩენი ორი - დაახლოებით 18 წლისები. უკრაინელები იყვნენ, ძებნაში მყოფი დამნაშავეები, საზღვარგარეთ წასვლაც ამიტომ გადაეწყვიტათ.

მოგვიანებით პილოტები მოსკოვში დაიბარეს და წითელი ვარსკვლავის ორდენები გადასცეს. თუმცა ვალერი თომაშვილს ისიც ახსოვს, რომ მანამდე საბჭოთა სისტემას სხვა სცენარიც ჰქონდა მომზადებული.

შემდეგ მითხრეს ჩუმად, რომ მახარაძეში (ახლანდელი ოზურგეთი) ასაფრენ ბილიკზე გამზადებული იდგა სამხედრო თვითმფრინავი, თუ თურქეთისკენ წავიდოდით, ჩამოგვაგდებდნენ“.

პირველი მსხვერპლი

თვითმფრინავის მეორე გატაცების მცდელობა უკვე წარმატებული გამოდგა. 1970 წლის 15 ოქტომბერს მამა-შვილმა ბრაზინსკასებმა სოხუმი-ბათუმის თვითმფრინავი თურქეთში გადაიყვანეს. დაიღუპა ბორტგამცილებელი ნადია კურჩენკო. იმის გამო, რომ ეს საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც პირველი წარმატებული მცდელობა იყო, შემთხვევას დიდი რეზონანსი მოჰყვა. მასზე გაზეთები დიდი ხნის განმავლობაში წერდნენ.

ნადია კურჩენკო
ნადია კურჩენკო

1978 წლის 10 ნოემბრის თვითმფრინავის გატაცების მცდელობაზე ინფორმაციას მხოლოდ რუსულ ინტერნეტში თუ იპოვით. თვითმფრინავი Ан-24 სოხუმი-ბათუმის რეისს ასრულებდა, როდესაც ოდესელი ს. ვული პილოტებს აფეთქებით დაემუქრა. ვულს, სხვების მსგავსად, თურქეთში წასვლა უნდოდა. თვითმფრინავი ბათუმში დაჯდა, თავდამსხმელი კი დააკავეს.

მსგავს ფაქტებზე საგამოძიებო მასალები, როგორც წესი, საქართველოში არ რჩებოდა, ამიტომ შსს-ს არქივში ინფორმაცია მხოლოდ ოთხ ფაქტზეა შემონახული - 1966, 1970, 1983 წლებისა და 1979 წლის 2 აპრილის შემთხვევაზე, რომელიც სიმფეროპოლ-ქუთაისის რეისზე მოხდა.

დათუნიაში ჩამალული ბომბი

1979 წლის 2 აპრილს თვითმფრინავი იაკ-40 სიმფეროპოლიდან ქუთაისისკენ მიფრინავდა. სალონში 28 ადამიანი იჯდა, მათგან 8 - ბავშვი. იალტის თავზე იყვნენ, როდესაც პილოტის კაბინაში ბორტგამცილებელი ნატაშა შერეზედაშვილი შევიდა და ტირილნარევი ხმით მფრინავს, ბორის გვარლიანს, უთხრა, ორი ტერორისტი ბომბთან ერთად ტუალეტშია ჩაკეტილი, წერილი გადმომცეს, თურქეთში გადაფრენას ითხოვენო.

ბორის გვარლიანი: „თურმე ბომბს თავი მოგლიჯეს, 7 წუთზე დააყენეს და გამცილებელ გოგოს აჩვენ. წერილშიც ეწერა, მოსაფიქრებლად 7 წუთს გაძლევთ, ტრაპზონში, სამსუნგში ან ანკარაში დაჯექითო. იქ ამერიკის ბაზები იყო. ეკიპაჟს გადავულაპარე, რა ვქნათ-მეთქი. რა ვიცი, რა ვქნათო. გავედი მოსალაპარაკებლად“.

თვითმფრინავის სალონში სიმშვიდე იყო, მგზავრებმა მომხდარის შესახებ არაფერი იცოდნენ და უმეტესობას ეძინა. აქა-იქ ბავშვების ტიტინი ისმოდა. ბორის გვარლიანი თვითმფრინავის საპირფარეშოს მიადგა და რადგან ჯერ თვითონაც არ იცოდა რა ექნა, თავი მოიკატუნა, შემომიშვით, მგზავრი ვარო.

ცოტა ხანი შემიშვით და მერე, თუ გინდათ, ქუთაისამდე შიგ იჯექით-მეთქი. ჩამოვწიე სახელური, მაგრამ მეორე მხრიდან ჰქონდათ ჩაბღუჯული. ამ დროს ბორტინჟინერი მოვიდა. ვუთხარი, რომ კარი უნდა შეგვენგრია“.

შემეძლო ორივე ტუალეტშივე ამომეხოცა, მაგრამ ბომბი იყო შიგნით და ამას ვერ ვიზამდი.

შემეძლო ორივე ტუალეტშივე ამომეხოცა, მაგრამ ბომბი იყო შიგნით და ამას ვერ ვიზამდი.
ბორის გვარლიანი

იმ პერიოდში მფრინავები უკვე იარაღს ატარებდნენ. ამის უფლება მათ სწორედ იმიტომ მისცეს, რომ თვითმფრინავის გატაცების შემთხვევები ძალიან იყო გახშირებული. საგანგებო ინსტრუქციებიც ჰქონდათ. პროტოკოლის მიხედვით, შეეძლოთ მგზავრების უსაფრთხოების მიზნით, თურქეთის რომელიმე აეროპორტში დამსხდარიყვნენ, მაგრამ ეს ეკიპაჟი სხვაგვარად მოიქცა.

ისიც შემეძლო ორივე ტუალეტშივე ამომეხოცა, მაგრამ ბომბი იყო შიგნით და ამას ვერ ვიზამდი. ჩემი იარაღი ბორტინჟინერს მივაწოდე და სახელურს ორივე ხელით ჩავეჭიდე. ისეთი ძალა მომეცა, კარი თავის ბუდიანად გამოვანგრიე. ერთ-ერთს ხელი წავავლე მაისურში, ზოლებიანი მაისური ეცვა, მეზღვაურის. ვხედავ, მის ზურგს უკან მეორეს პისტოლეტი უჭირავს და ხელი უკანკალებს. წავართვი იარაღი და თავში ჩავარტყი. წაიქცა. მეორეს რომ მივუბრუნდი, არ მესროლოო, წია ხელები. ვცემე ორივეს. ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, ძალიან ცუდი“.

ტუალეტის ნიჟარაზე სათამაშო დათუნია იდო, ბომბი სწორედ მასში იყო ჩამაგრებული. ბორტინჟინერმა დათუნიას მოწყობილობა ამოაცალა და მავთულები გააცალკევა. სათამაშოს საკუთარი მექანიზმიც ჰქონდა და მოძრაობისას ხმა გამოსცა: დაიძახა დათუნიამ და ამას შიშისგან ხელიდან გაუვარდა...“ - იხსენებს ბორის გვარლიანი.

ტუალეტიდან გამოყვანილი ნაცემი თავდამსხმელები გვარლიანმა ბოლო რიგის სკამებზე დასხა და გვერდით მიუჯდა. ერთმა სთხოვა, მომკალიო. თვითმფრინავმა ისევ უკან, სიმფეროპოლისკენ აიღო გეზი.

ძლივს გამოვათრიე ეს ორი სალონში და ახლა მგზავრები დამესივნენ. ომის მონაწილე ქალები დადიოდნენ ხოლმე წყალტუბოს სანატორიუმში. მეჩხუბებიან, ჯალათები ხართ, ასე გერმანელები არ იქცეოდნენო. არ იცოდნენ, რა ხდებოდა“.

თავდამსხმელები მთავრობას ჩააბარეს. ბიჭები ლიტველები აღმოჩნდნენ, მეზღვაურები. საბჭოთა კავშირიდან გასაქცევად თავიდან გემის გატაცემა ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ შემდეგ ისევ თვითმფრინავი არჩიეს.

ვილნიუსის სასამართლომ მათ რვა-რვა წელი პატიმრობა მიუსაჯა, ეკიპაჟის წევრებს ბრეჟნევმა ჯილდოები გადასცა, „კომუნისტმა“ კი ორი აბზაცით გააშუქა მომხდარი, სათაური ასეთი იყო: „გმირობა ცაში“.

მათი გვარები არ მახსოვს. ერთი ძალიან მაღალი ბიჭი იყო, 30-32 წლის, მეორე - 25-ის. მეგობრები იყვნენ... კაგებეს თანამშრომლებმა ბომბი რომ ნახეს, გვითხრეს, ეს რომ აფეთქებულიყო, თქვენგან აღარაფერი დარჩებოდაო“.

უცნობი ბავშვი

გატაცების მცდელობის კიდევ ერთი ისტორია, რომელიც მხოლოდ რუსულ ინტერნეტწყაროებში გვხვდება, 1980 წლის 14 აპრილით არის დათარიღებული. L-410 ბათუმი-სოხუმის რეისს ასრულებდა, როცა 16 წლის სკოლის მოსწავლემ, ვინმე ბეჟანიძემ, პილოტებს წერილი გადასცა და თვითმფრინავის თურქეთში დასმა მოითხოვა. ბიჭი აფეთქებით იმუქრებოდა. მას შემეგ, რაც თვითმფრინავი ისევ ბათუმში დაჯდა, არასრულწლოვანი დააპატიმრეს.

ამის შემდეგ მოდის უკვე 1983 წლის 18 ნოემბერი, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა ბათუმი-თბილისის რეისზე თვითმფრინავის გატაცება სცადეს. ისინი შვიდნი იყვნენ: გეგა კობახიძე, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე და თინათინ ფეტვიაშვილი. სპეცრაზმის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, თავდამსხმელები დააპატიმრეს, თუმცა დაპირისპირება დიდხანს გრძელდებოდა, რასაც, საბოლოოდ, შვიდი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. თბილისის სასამართლომ იმ თავდამსხმელებს, რომლებიც ცოცხლები გადარჩნენ, დახვრეტა მიუსაჯა. გამონაკლისი იყო თინათინ ფეტვიაშვილი, ის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გამოვიდა ციხიდან.

მარტოხელა ტერორისტები

Aviation Safety Network (ASN) თავის საიტზე ასახავს იმ განსაკუთრებულ შემთხვევებს, რომლებიც მსოფლიო ავიაციაში ხდება - იქნება ეს თვითმფრინავის ჩამოვარდნა, გატაცება, გატაცების მცდელობა თუ, უბრალოდ, გაუმართაობა, რომელმაც თვითმფრინავს რამე პრობლემა შეუქმნა. ამ საიტზე ათი ათასზე მეტი ფაქტია დაფიქსირებული, მათ შორის საქართველოს ავიახაზებზე მომხდარი სამი შემთხვევაც.

1990 წლის 11 დეკემბერს იაკ-40 ბაქოდან თბილისში მოფრინავდა, როდესაც ერთ-ერთმა მგზავრმა მოითხოვა თურქეთში გადაეყვანათ. ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლითაც ის იმუქრებოდა, მულაჟი გამოდგა, თუმცა ამის გარკვევა მხოლოდ მაშინ მოხერხდა, როცა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაჯდა და თავდამსხმელი დააკავეს.

1990 წლის 18 ივლისს თვითმფრინავი ოდესიდან სოხუმში მიფრინავდა. ბორტზე 75 მგზავრი იყო. მამაკაცი, წინამორბედის მსგავსად, ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა, მაგრამ ის თავად მგზავრებმა განაიარაღეს, სოხუმის აეროპორტში დაშვების მერე თავდამსხმელი შესაბამის სტრუქტურებს გადაეცა.

გატაცების მცდელობის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა 1991 წლის 13თებერვალს. ტუ -134 თბილისიდან მოსკოვში მიფრინავდა, მაგრამ მალევე ისევ თბილისში გამობრუნდა. მამაკაცი, რომელსაც ხელში დეტონატორი ეჭირა, თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდა, თუკი მის სურვილს არ შეასრულებდნენ და ანკარაში არ წავიდოდნენ. როდესაც თვითმფრინავი თბილისში დაეშვა და თავდამსხმელი ჩაბარდა, აღმოჩნდა, რომ მას თან არანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ჰქონდა.

უნდა ვივარაუდოდთ, რომ ეს საბჭოთა საქართველოში მომხდარი თვითმფრინავის გატაცების ბოლო მცდელობა იყო, რადგან ამ ფაქტიდან ორიოდე თვეში, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც, თავის მხრივ, საზღვრების გახსნა მოჰყვა. ამის შემდეგ საზღვარგარეთ წასასვლელად თვითმფრინავის გატაცება უკვე საჭირო აღარ იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG