Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე: უნდა მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას


ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ფასილიტატორებს აწუხებთ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და ამ კრიზისიდან გამოსავლის გზებზე მხარეებთან ერთად მსჯელობენ.

„ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ყველამ, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“, რომ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ამ შემთხვევაში გაუცხოვება და ერთმანეთთან დაპირისპირება არ არის გამოსავალი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებთან „გირჩის“ წარმომადგენელ ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრაზე, მისი თქმით, განიხილებოდა შექმნილი ვითარება და ამ ვითარებიდან გამოსავლისა და კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობები:

„სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ჩვენ ველოდებით, იმედი გვაქვს, რომ "ქართული ოცნება" ასევე პასუხისმგებლიანად მიუდგება იმ რთულ ვითარებას, რომელშიც ყველანი ვიმყოფებით და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ მათთან ერთად იმისათვის, რომ გამოსავალი მოიძებნოს პოლიტიკური კრიზისიდან. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ცივილიზებულ ქვეყნებში არის ახალ არჩევნებზე შეთანხმება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. მედიის კითხვაზე, რა რეკომენდაციები მიიღეს ელჩებისგან, მან თქვა:

„მათი აზრით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის პოლიტიკური შეთანხმება "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეს არის გამოსავალი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას. მხარეების პოზიციები ცნობილია“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დილიდან დაიწყო ცალ-ცალკე შეხვედრები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით ოპოზიციური პარტიების და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ორი შეხვედრა გაიმართა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების საკითხს პარტია არ განიხილავს. დაგეგმილია მოლაპარაკების მესამე რაუნდი, თუმცა, მისი კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა პოზიციაა, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს, პარლამენტში უნდა შევიდნენ და პარლამენტიდან იზრუნონ პრობლემური საკითხების მოგვარებაზე.

XS
SM
MD
LG