Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდამავალ პერიოდში ჯო ბაიდენი სადაზვერვო ინფორმაციას მიიღებს


NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ ინფორმაციის პაკეტის მიღებას "მალე დაიწყებს, შესაძლოა უკვე ხვალ".
NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ ინფორმაციის პაკეტის მიღებას "მალე დაიწყებს, შესაძლოა უკვე ხვალ".

თეთრმა სახლმა ნებართვა გასცა არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გასაიდუმლოებული სადაზვერვო ინფორმაციის მიღებაზე, რომელსაც პრეზიდენტს ყოველდღიურად უმზადებენ.

ცნობები მოიცავს ინფორმაციას უსაფრთხოების თვალსაზრისით მსოფლიოში არსებულ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებზე. ნებართვა, რომ ბაიდენმა ამ ინფორმაციის მიღება დაიწყოს, გაიცა 24 ნოემბერს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ბაიდენის გუნდისთვის გარდამავალი პერიოდი ახლა შეიძლება ოფიციალურად დაიწყოს.

თავად ბაიდენმა ვილმინგტონში, დელავერის შტატში ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეთავაზება კი მიიღო, მაგრამ ყოველდღიური პაკეტი მისთვის ჯერჯერობით არ გაუგზავნიათ. მოგვიანებით, NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ ინფორმაციის პაკეტის მიღებას "მალე დაიწყებს, შესაძლოა უკვე ხვალ".

ბაიდენისთვის ეს ცნობები ბლოკირებული იყო, მის გუნდს კი არ შეეძლო დაკავშირებოდა კოლეგებს ტრამპის ადმინისტრაციაში, სანამ საერთო სამსახურების ადმინისტრაციის (GSA) ხელმძღვანელი 23 ნოემბერს გამოაცხადებდა, რომ გარდამავალი პერიოდი უკვე შეიძლება ოფიციალურად დაიწყოს.

24 ნოემბერს ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის წევრების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია და ოფიციალურად დაასახელა კანდიდატები საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უშიშროების სფეროების მნიშვნელოვან თანამდებობებზე. მისი თქმით, მისი გუნდი ასახავს იმას, რომ "ამერიკა დაბრუნდა, მზადაა მსოფლიოს უხელმძღვანელოს და არა უკან დაიხიოს მისგან" - რაც მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომისგან, რომელსაც "პირველ რიგში ამერიკის" სახელით იცნობდნენ.

XS
SM
MD
LG