Accessibility links

logo-print logo-print

რას არღვევს აჭარის მაუწყებლის დირექტორი - კანონს, თუ პროცედურას?


აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ერთწლიანი საქმიანობის შეფასებისას მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ „დირექტორის ქმედება ეწინააღმდეგება კანონს“.

გია ქარცივაძემ, რომელიც მაუწყებლის წარმომადგენლობითი ორგანოს მრჩეველთა საბჭოს წევრია, თავის ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა დირექტორ გოგა კოხრეიძის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში, სადაც წერს, რომ კოხრეიძის დირექტორად არჩევის შემდეგ აჭარის ტელევიზიაში დაიწყო დასაქმებულთა კოლექტიური და ინდივიდუალური დევნა, სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტყუილსა და ძალის დემონსტრირებაზე დაფუძნებული ურთიერთობები, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა.

„მაუწყებელში წელიწადზე მეტია მიმდინარეობს ცვლილებები, რასაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილი და საქართველოში არსებული მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა უწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის პროცესს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გოგა კოხრეიძემ, მოსვლის დღიდან არაერთი ჟურნალისტი და რედაქტორი ჩამოაშორა სარედაქციო პოლიტიკას. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი, მათ შორის ალტერნატიული პროფკავშირიც, მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო კარგავს სარედაქციო დამოუკიდებლობას. ამასთანავე, ამ პროცესს მხარს უჭერს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო“, - წერს გია ქარცივაძე თავის ანგარიშში.

მრჩეველთა საბჭომ სხდომაზე ქარცივაძის ანგარიშში კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით მითითებულ იმ კანონდარღვევასა და დირექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ილაპარაკა, რომლებიც, ანგარიშის ავტორის თანახმად, დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს:

„მიმდინარე წლის ივნისიდან, სექტემბრის ჩათვლით, დირექტორმა სამი მსხვილი შესყიდვა განახორციელა სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე. შეიძინა სხვადასხვა სახის ტექნიკა, რომლის ჯამური ღირებულება 1 300 000 ლარია. აქ არსებითია ის, რომ ამ შესყიდვას წინმსწრებად სჭირდებოდა მრჩეველთა საბჭოს ინფორმირება და შესაბამისი თანხმობა, რომ ეს თანხა ამ შესყიდვაზე დაეხარჯა მაუწყებლის დირექტორს. არც ინფორმაცია გვქონდა და, შესაბამისად, არც თანხმობა ჰქონია, რაც კანონდარღვევაა და ეს უკვე ფაქტია. დღევანდელ სხდომაზე დირექტორი დამნაშავედ კი არ გრძნობდა თავს, პანდემიას გადააბრალა“, - ამბობს გია ქარცივაძე

მრჩევლის ამ ბრალდებებს არ ეთანხმება ხუთწევრიანი მრჩეველთა საბჭოს დიდი ნაწილი. ერთ-ერთმა მრჩეველმა, სოსო სტურუამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დირექტორის ქმედებაში:

„პროცედურაა დარღვეული და ნებისმიერი პროცედურული დარღვევა გამოსწორებადია. იურისტები უკეთესად ახსნიან. შესყიდულია ის ტექნიკური კვანძები, რომელიც ბიუჯეტში იყო გაწერილი, რომელიც ესაჭიროება ტელევიზიას. უბრალოდ, შესყიდვის დროს დაირღვა პროცედურა. ეს საკითხი დეკემბერში უნდა განიხილოს მრჩეველთა საბჭომ“.

ვიდრე საკითხს მრჩეველთა საბჭო განიხილავს, სოსო სტურუას მის და კიდევ ორი მრჩევლის მიერ არჩეული დირექტორის ერთწლიანი საქმიანობის შეფასება ვთხოვეთ. სოსო სტურუა მიიჩნევს, რომ პროგრამულ პრიორიტეტებს რეგიონალური მაუწყებელი ასრულებს და ბრალდებები უსაფუძვლოა. რაც შეეხება თანამშრომელთა დევნისა და შევიწროების, აგრეთვე დირექტორის მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევის ბრალდებებს:

„თანამშრომელთა დევნას ადგილი არ ჰქონია. ამას მე ვერ დავარქმევ დევნას. ის, რომ რამდენიმე თანამშრომელს პოზიცია შეეცვალა, ან რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდა, ფაქტობრივად, წინა წლების სტატისტიკას თუ შევადარებთ, გამორჩეულად არაფერი ხდება. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც ყოველთვის ხორციელდება ცოცხალ ორგანიზაციაში. რაც შეეხება სასამართლო დავებს, ბუნებრივია, რასაც გადაწყვეტს სასამართლო, დაემორჩილება ორგანიზაცია“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი ერთი წლის განმავლობაში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების 10-ზე მეტი სარჩელია შესული. მაუწყებლის ჟურნალისტები დირექტორ გოგა კოხრეიძეს შრომითი უფლებების დარღვევას ედავებიან. ისინი ალტერნატიული პროფკავშირების წევრები არიან და მიიჩნევენ, რომ სწორედ პროფკავშირული საქმიანობისთვის იდევნებიან. მათ შორისაა აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ყოფილი რედაქტორი, მაია მერკვილაძე. მისი პოზიცია დირექტორმა მიმდინარე წლის თებერვალში გააუქმა და იგი რადიოში სხვა თანამდებობაზე გადაიყვანა. მერკვილაძეს ორი სასარჩელო მოთხოვნა აქვს: ბათილად გამოცხადდეს დირექტორის მიერ მიღებული აქტი. მეორე დავა მაუწყებელთან კი ეხება იმას, რომ მისი პოზიციის გაუქმების შემდეგ იგი არათანაბარ თანამდებობაზე გადაიყვანეს. მაია მერკვილაძე მცირე გამარჯვებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გასულ კვირას დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შრომითი დავის დასრულებამდე აუკრძალა „ახალი ამბების“ სამსახურის რედაქტორის სადავო პოზიციაზე ახალი თანამშრომლის განუსაზღვრელი ან 6 თვეზე მეტი ვადით დანიშვნა:

„ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, იმიტომ რომ მაუწყებლის მენეჯმენტმა იგრძნო პასუხისმგებლობა და იგრძნო, რომ ასე მარტივად არ შეიძლება ადამიანებისთვის თანამდებობებისა და სამუშაო ადგილების წართმევა. ეს კი უპასუხოდ და დაუსჯელად არ რჩება ხოლმე. მე დარმწუნებული ვარ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ დიდი უხერხულობა შექმნა მაუწყებლის მენეჯმენტში, რომელმაც ასეთი ამბები დაატრიალა“, - ამბობს მაია მერკვილაძე.

მაუწყებლის მენეჯმენტთან ჟურნალისტების ნაწილის უკმაყოფილება ახალი დირექტორის არჩევის შემდეგ დაიწყო. 40-ზე მეტმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ გოგა კოხრეიძე მათ საქმეში ერევა. ამას მოჰყვა საპროტესტო აქციები. მიმდინარე წლის დასაწყისში ჟურნალისტებმა ალტერნატიული პროფკავშირებიც შექმნეს და მარტში გაფიცვის უფლება მიიღეს, მაგრამ განზრახვა პანდემიის გამო გადაიფიქრეს. დირექტორმა სამი ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლა, ნაწილს თანამდებობა შეუცვალა, ნაწილი კი საქმიანობას საერთოდ ჩამოაშორა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG