Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი, მეტრო-ავტობუსი ჩერდება


საქარათველოს 8 ქალაქში საქალაქთაშორისო გადააგილებასთან ერთად ჩერდება მუნიციპალური ტრანსპორტის, მეტროს, მიკროავტობუსისა და ავტობუსის მოძრაობა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში.

24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, 16 იანვრიდან 31 იანვრამდე შეზღუდვა მხოლოდ შაბათ-კვირას გავრცელდება.

ამ ქალაქებში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ტაქსითა და პირადი მანქანით. თუმცა ამ ქალაქებშიც ისევე, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გასვლა აკრძალულია.

გარდა ამ შეზღუდვებისა, მთავრობამ 28 ნოემბრიდან კეტავს მოლებსა და ბაზრობებს, რესტორნებს კი სტუმრების მიღებას უკრძალავს.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში შეზღუდვა თავდაპირველად 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესდა. მაშინ ინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, სხვადასხვა დროს მოქმედებდა "კომენდანტის საათი", აკრძალული იყო ეკონომიკური საქმიანობის უდიდესი ნაწილი, მათ შორის დახურული იყო კაფე-ბარები და რესტორნები, საგანმანათლებლო პროცესი კი სულად ონლაინსივრცეში გადავიდა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს გაუქმდა, თუმცა მანამდე პარლამენტმა მთავრობას უფლება მისცა შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე დაეწესებინა. სწორედ ამ უფლებამოსილების გადაცემის ფარგლებში მთავრობა ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებს აწესებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების მსგავსია. ამ რეგულაციის ფარგლებში ამ დრომდე აკრძალულია 22:00 საათიდან 05:00 საათამდე 7 ქალაქში გადაადგილება, საგანმანათლებლო პროცესი კვლავ ონლაინსივრცეში გადავიდა, აკრძალულია დახურულ და ღია სივრცეებში პირბადის გარეშე გადაადგილება და კვლავ დახურულია ბიზნესის ერთი ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG