საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 3 ათასი მეხანძრე-მაშველიდან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 173-ს.
შსს-ს ამ სამსახურის განცხადებით, „ყველა თანამშრომელს, ვისაც დადასტურებული აქვს კოვიდ-19, უტარდება შესაბამისი მკურნალობა, ხოლო ის თანამშრომელი, ვისაც დაუფიქსირდება ინფიცირებულთან კონტაქტი, გადადის თვითიზოლაციაში და 72 საათში უტარდება PCR ტესტი“.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები მოვალეობას შეუფერხებლად ასრულებენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ტყუილი უწოდა „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ სახანძრო-სამაშველო ძალებში ეპიდაფეთქებაა. ამავე სამსახურის განმარტებით, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს რამდენიმე ფაქტობრივ შეცდომასაც, კერძოდ, 112-ის თანამშრომელი არ არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი და საუბარია სააგენტოზე, როგორც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტზე, რომელიც არ არსებობს: „შესაბამისად, ე.წ. სატელეფონო ინტერვიუ ტირაჟირებს ტყუილს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს "მთავარი არხი" ინფორმაციის გადამოწმების მიზნით არ დაკავშირებია“.
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 112-ის თანამშრომელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სახანძრო-სამაშველო სამსახურში მომხდარი კოვიდაფეთქების გამო, ქვეყანაში მეხანძრეების რესურსი ამოწურულია“.