Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდი და პროტესტი ბათუმში


ბათუმი. აქციის მონაწილეები
ბათუმი. აქციის მონაწილეები

ბათუმში, მთავრობის სახლთან, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აგრძელებს. გამსახურდიას გამზირის მონაკვეთი, უკვე რამდენიმე კვირაა, გადაკეტილია.

აქ ოპოზიციის მხარდამჭერები, პანდემიის გამო ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის მიუხედავად, ღამით ქუჩაში გაშლილ კარვებში რჩებიან, დღეს კი ამ ადგილას სწრაფი კვების სავაჭრო ჯიხურიც განათავსეს, რითაც აქციის მონაწილეებმა პროტესტი გამოხატეს პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ. დილიდან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ცდილობდნენ აჭარის მთავრობის შენობის პიკეტირებას, შემდეგ კი შენობაში შესვლას. „ხიხოს მონა!“ - სკანდირებდნენ აქტივისტები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავდნენ.

ვითარება აჭარის მთავრობის სახლთან რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ პოლიციას, რომელიც მთავრობის შენობის ირგვლივ კორდონით იდგა. ამ კონფლიქტის დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ თქვა, რომ, პანდემიის მიუხედავად, ისინი არ აპირებენ დაშლას და საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ:

„კოვიდწესების მაქსიმალური დაცვით საპროტესტო მუხტი ქუჩაში - ეს ერთადერთი გამოსავალია, რასაც ჩვენ ვხედავთ. მართლა ჰგონია ვინმეს, რომ ჰობი მაქვს ბავშვობიდან, კარავში ვიცხოვრო და არ ვიყო ოჯახთან ერთად ღამით ყინვაში? მოცემულობა ასეთია: თუ ჩვენ ამას დავთანხმდებით, მივიღებთ იმას, რომ ხვალინდელი დღე ბევრად უარესი იქნება, ვიდრე დღესაა“.

ეპიდსიტუაციის დასტაბილურების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ფონზე აჭარაში საპროტესტო შეკრებების გაგრძელება უპასუხისმგებლობად შეაფასა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. მისი განცხადებით, დღეს პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას:

„იმიტომ რომ, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, სერიოზული პანდემიის წინაშეა მთელი მსოფლიო. ქვეყანაში ინფიცირების სერიოზული ზრდა გვაქვს. ამის შეჩერებისთვის არსებობს რამდენიმე მიდგომა. ერთ-ერთი სწორედ შემზღუდველი ღონისძიებებია, რაც ქვეყანამ დააწესა. მაგრამ დაწესება ერთია და მისი აღსრულება მეორე. თუ მას არ აღვასრულებთ და ჩვენ თვითონ არ გავითავისებთ, თითოეული ადამიანი, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც გვეუბნებიან, ისე არაფერი გამოვა“.

თავის მხრივ, ოპოზიცია კორონავირუსის შიდა უკონტროლო გავრცელებასა და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„სათანადო დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ მომზადებულიყვნენ“, - აცხადებენ ოპოზიციის ლიდერები. ისინი აპირებენ, საპროტესტო აქციები გააგრძელონ ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი წევრი, ირაკლი კუპრაძე, ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე ყველას მოუწოდებენ დისტანციის დაცვისკენ, დემონსტრანტებს პირბადეებსაც ურიგებენ. თუმცა მაშინ, როცა აქციაზე დაძაბულობა იმატებს, ამ დისტანციისა და წესების დაცვა შეუძლებელი ხდება.

ირაკლი კუპრაძეს პანდემიის პირობებში ხალხმრავალი შეკრებების პასუხისმგებლობაზე ვკითხეთ:

„ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ჩვენ ვრისკავთ ჩვენს ჯანმრთელობას იმისთვის, რომ დავიცვათ სხვა მოქალაქეები, რომლებიც შიმშილის წინაშე არიან დატოვებულები „ქართული ოცნების“ მხრიდან. პირველ რიგში, ვრისკავთ ჩვენს ჯანმრთელობას და სხვა სახელისუფლებო სპიკერები, რომლებსაც მესიჯბოქსებს ჩაუყრიან და გამოყრიან გარეთ, გარშემო კი 20-30 დაცვის წევრი ახვევია, როცა საზოგადოებაში გადიან, მაგათგან განსხვავებით, ჩვენ ფეხითაც დავდივართ, ვრისკავთ, პირველ რიგში, ჩვენი ჯანმრთელობით, იმიტომ რომ ჩვენ ვდგავართ აქ და შემდეგ სახლებში რომ მივდივართ, გველოდებიან ჩვენი ოჯახის წევრები, რომლებიც, დამიჯერეთ, არც ირაკლი კობახიძეს და არც ამირან გამყრელიძეს ჩემზე მეტად არ უყვართ. მათ შორის არიან რისკჯგუფში მყოფი ადამიანებიც. ვრისკავ ამას, იმიტომ რომ ვხედავ, ჩემს გვერდით მეზობელი შიმშილობს, მე კი მას ფიზიკურად ვერ ვეხმარები. დამხმარე კი ამ შემთხვევაში უნდა იყოს სახელმწიფო და „ქართული ოცნება’“, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

სახელმწიფოს მიერ პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს 28 ნოემბერს ბოიკოტი გამოუცხადა ბათუმში ერთ-ერთი სპორტული კლუბის მეპატრონემ, რომელმაც, აკრძალვის მიუხედავად, სავარჯიშო დარბაზის მუშაობა არ შეაჩერა. იგი 10 ათასი ლარით ორჯერ დაჯარიმდა, შემდეგ კი შენობაში პოლიცია შევიდა და მეპატრონის წინააღმდეგ საქმე აღძრა. გიორგი ფუტკარაძე, რომელიც ამ სპორტკლუბის მეპატრონეა, პარტია „გირჩის“ აქტიური მხარდამჭერი აღმოჩნდა. თავის მხრივ, „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, მას მხარდაჭერა გამოუცხადა, ბათუმში ჩამოვიდა და განაცხადა, რომ სპორტული დარბაზი კომერციულ საქმიანობას წყვეტს და ფართს თავად საცხოვრებლად ქირაობს, სადაც სპორტით დაინტერესებულ მოქალაქეებს სტუმრად ეპატიჟება. პოლიციამ დღეს ჯაფარიძე და ფუტკარაძე დაკითხვაზე დაიბარა. ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა:

„მიზანი არის გაპროტესტება იმ იდიოტური რეგულაციების, რომლის გამოც კონკრეტულად ამ შემთხვევაში 18 ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე. ასეთი რეგულაციები არის უამრავი და ამ რეგულაციების შედეგად ასობით ათასი ადამიანი დარჩა საქართველოში შემოსავლის გარეშე. მაგის გაპროტესტებაა, საბოლოო ჯამში, და მაგალითის მიცემა, რომ ასე ცხვრებივით ჯდომა და ჩუმად ყოფნა დახოცავთ, თუ თავად არ ამოიღებენ ხმას. ვიცი, რომ კოვიდი მოსახლეობის გარკვეული სეგმენტისთვის არის საშიში, მომაკვდინებელიც, საბოლოო ჯამში კი, ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი - ადამიანები თვითონ მიხედავენ საკუთარ თავს, საკუთარ ჯანმრთელობას“, - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

თავის მხრივ, ბათუმში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ტიტე აროშიძემ თქვა, რომ თუ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული პროტესტი გავა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება:

„ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და ჩარჩო. მოვუწოდებ, მოექცნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში“, - თქვა ტიტე აროშიძემ 30 ოქტომბერს მოწყობილ სპეციალურ ბრიფინგზე ოპოზიციის მისამართით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG