Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზი ჯანეზაშვილი: ელემენტარული კომპიუტერული უნარებიც საკმარისია, გაიგო როგორ მუშაობს "სასამართლოს კლანი"


ნაზი ჯანეზაშვილი
ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აპროტესტებს დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან კითხვა-პასუხის დრო იზღუდება. ჯანეზაშვილი ამ პროექტს მის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს. „პროექტის მთავარი იდეა ისაა, რომ „კლანის“ფავორიტებისთვის, განსაკუთრებით მოსამართლე გვრიტიშვილისთვის, რომელიც მორიგ ჯერზე არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გასაუბრების პროცესი იყოს მაქსიმალურად კომფორტული", - აღნიშნავს ის.

ნაზი ჯანეზაშვილი მიუთითებს, რომ პროექტი არათუ ხელს აძლევს იუსტიციის საბჭოს წევრსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს დიმიტრი გვრიტიშვილს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, არამედ დოკუმენტის მომზადებას მასვე უკავშირებს.

„ელემენტარული კომპიუტერული უნარებიც კი საკმარისია იმისთვის, რომ გაიგო როგორ მუშაობს სასამართლოს კლანი.

როგორც უკვე დავწერე წინა პოსტში, საბჭომ გამოაქვეყნა დადგენილების პროექტი, რომელიც ჯერ ერთი რომ არაფრის მომცემია, მეორე მე მიზღუდავს კითხვის დასმის უფლებას და მთავარი - გვრიტიშვილს უქმნის კომფორტს გასაუბრების დროს.

1. გთხოვთ გახსენით ეს ბმული:

http://hcoj.gov.ge/ge/informatsia/3746

2. შემდგომ, ჩამოტვირთეთ "დადგენილების პროექტი"

3. გახსენით Adobe Acrobat Reader-ში.

4. შემდგომ დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით გახსნილ დოკუმენტზე და აირჩიეთ "Document Property" და ავტორის გრაფაში გამოჩნდება რომ წერია Dimitri Gvritishvili

ანუ ამ დადგენილების პროექტის ავტორი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას ეხება, არის დიმიტრი გვრიტიშვილი (ან მის კომპიუტერში მომზადდა). ეს პიროვნება თვითონ არის კანდიდატი და გასაუბრებაზეც თვითონ უნდა გამოვიდეს.

გამოდის რომ თავის თავს და სხვა კანდიდატებს უწერს რეგულაციებს", - წერს ჯანეზაშვილი.


ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურას, რომელშიც დიმიტრი გვრიტიშვილი ერთ-ერთი კანდიდატია. გვრიტიშვილი ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს იყო ე.წ. 10-კაციან სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა პარლამენტს.

XS
SM
MD
LG