Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურთან "საზღვარს" ისევ დროებით და ცალმხრივად ხსნის


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ერთი კვირით ხსნის დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „საქართველოში დროებით მყოფი მოქალაქეების და რესპუბლიკის მცხოვრებთა დასაბრუნებლად ენგურის საკონტოლო-გამშვები პუნქტის გავლით ორგანიზებული იქნება ჰუმანიტარული დერეფანი“.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მდინარე ენგურთან ე.წ. საზღვარს დღეს, 3 დეკემბერს გახსნის ადგილობრივი დროით 9:00 საათიდან 19:00 საათამდე. ეს რეჟიმი 10 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათ, ვინც აფხაზეთში ბრუნდება, „საზღვარზე“ უნდა წარადგინონ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ არაუგვიანეს 72 საათით ადრე გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ კორონავირუსი არ აქვთ. ეს მოთხოვნა ბავშვებსაც ეხებათ. ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებთ, რომლებიც ამჟამად დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, სახლში დასაბრუნებლად თან უნდა ჰქონდეთ ე.წ. "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი", ან „უცხო ქვეყნის მოქალაქის, ან მოქალაქეობის არმქონე პირის მუდმივი ბინადრობის ნებართვა“.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის საბაბით, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი მარტის შუა რიცხვებიდან დაკეტა. მაისის შემდეგ, დე ფაქტო მთავრობამ მდინარე ენგურთან მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი რამდენჯერმე გაუხსნა აფხაზეთის მცხოვრებთ, რომლებიც სხვადასხვა მიზნით, ძირითადად, სამკურნალოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

დე ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვარს პერიოდულად ხსნის მეორე მიმართულებითაც და ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში სამკურნალოდ გამგზავრების უფლებას აძლევს მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებს, მათ შორის კორონავირუსით ინფიცირებულებს.

XS
SM
MD
LG