Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სწრაფი ტესტირების გაფართოების პირველ დღეს კორონავირუსის 1400 შემთხვევა აღირიცხა


ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გამოკვლევის გაფართოების პირველ დღეს, 3 დეკემბერს დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 1400 შემთხვევა. ამის შესახებ დღეს, 4 დეკემბერს განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაბუნიამ განმარტა, რომ სწრაფ ტესტირებას ექვემდებარებიან სიმპტომებიანი მოქალაქეები, რომლებმაც ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ და მისი რჩევით სწრაფი ტესტი გაიკეთონ პირველადი ჯანდაცვის ან საოჯახო მედიცინის ცენტრებსა და პოლიკლინიკებში.

გაბუნიას ინფორმაციით, ისინი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდება, სახლში უნდა დარჩნენ, დღის განმავლობაში ოჯახის ექიმი დაუკავშირდება და შესაბამის მითითებებს მისცემს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოქალაქეები 112-ს უნდა დაუკავშირდნენ მხოლოდ მაშინ, თუ მდგომარეობა მძიმეა და პაციენტი თვლის, რომ სჭირდება გადაუდებელი დახმარების ჩართვა.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 3 დეკემბერს ჩატარდა, საერთო ჯამში, 17 000-მდე PCR და სწრაფი ტესტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5068 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 808-ით მეტი ახალი შემთხვევაა.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2 დეკემბერს მიიღო სწრაფი ტესტირების გაფართოების გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG