Accessibility links

site logo site logo

ელისაშვილი ჟურნალისტებს: ვიტანჯები გულწრფელად, ვიცი რომ თქვენც იტანჯებით, მაგრამ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ


ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ჯერჯერობით ღიად კიდევ არ შეიძლება იმ დეტალებზე საუბარი, რომელიც ოპოზიციის წინადადებებში გაიწერა და "ქართული ოცნებისთვის" გასაცნობად წერილობითი სახით გადაეცათ მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს.

„მართლა ვიტანჯები გულწრფელად მეც, ვიცი რომ თქვენც იტანჯებით, მაგრამ ასე გვაქვს სიტყვა ნათქვამი, რომ რითაც მოვედით საიდუმლოდ კი არ დარჩება, ამაზე ღიად ვერ ვილაპარაკებთ“, - უთხრა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებთან ემსახურებოდა დიალოგის მესამე რაუნდისთვის მზადებას:

„ძალიან კონკრეტული შეჯერებული პოზიციით მოვედით, კონკრეტული წინადადებებით, რასაც ელჩები გააცნობენ "ქართულ ოცნებას" და შემდეგ გავიგებთ მათ პასუხს. დეტალებზე, სულ რომ ჯვარს მაცვათ, ვერ გეტყვით იმიტომ, რომ სიტყვა გვაქვს ნათქვამი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიცია „ქართული ოცნებისგან“ თავის შეთავაზებებზე კომპრომისულ პასუხს ელოდება:

„ქართული ოცნებისგან“ კომპორმისს რომ არ ველოდეთ და დათმობას რომ არ ველოდეთ, მოლაპარაკების პროცესში არც ჩვენ ვართ პატარა ბავშვები, რომ გვეწვალა და არც ელჩები არიან პატარა ბავშვები, რომ ვაწვალებდეთ. უზარმაზარ შრომას ეწევიან, უზარმაზარი დრო და რესურსი აქვთ გამოყოფილი იმისათვის, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესი ნელ-ნელა მიდიოდეს წინ. დღეს არის წინგადადგმული პატარა ფრთხილი ნაბიჯი, რომ რაღაც საერთო შეთანხმებაზე მივიდეთ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ დამთავრდა ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან. შეხვედრას 6 ოპოზიციური პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ.

გუშინ, 3 დეკემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. კანონის მიხედვით, პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღეში უნდა ჩატარდეს.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გამო ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამ საკითხზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არიან ჩართული. შედგა შეხვედრების 2 რაუნდი. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. ოპოზიცია სამ ძირითად მოთხოვნას აყენებს. ესენია: ხელახალი არჩევნების გამართვა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG