Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისო ბოლქვაძე: ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჭიგო ვაზს, ისე შეეხიდა სახელმწიფოს


ელისო ბოლქვაძე
ელისო ბოლქვაძე

პიანისტი ელისო ბოლქვაძე, რომელიც „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში 32-ე ნომერია „ფეისბუკზე" ეხმაურება „კონსერვატიული პარტიის" ლიდერს ზვიად ძიძიგურს. ბოლქვაძე უკმაყოფილოა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოთქმული კრიტიკით. ის წერილში ივანიშვილს 11-ჯერ ახსენებს და ძიძიგურს მიმართავს: „დღეს თქვენ ხელწერას უწუნებთ ბიძინა ივანიშვილს, მე, კი, სწორედ ამ ხელწერამ მომიყვანა „ქართულ ოცნებაში" და მაქვს პატივი სწორედ ამ გუნდიდან ვიყო წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში. ეს ხელწერა იყო, რაც ათეული წლების განმავლობაში მხოლოდ ერთეულებმა ვიცოდით და რაც დღეს საყოველთაოდ ცნობილია - როდესაც ჩემს და თქვენს სამშობლოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, როდესაც ჩვენივე ხელით დავანგრიეთ სახელმწიფო და არ დავუტოვეთ რესურსი, ეზრუნა ქვეყანაზე და ხალხზე, სწორედ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჭიგო ვაზს, ისე შეეხიდა სახელმწიფოს; ყველგან, სადაც უჭირდა სახელმწიფოს, სადაც აკლდებოდა რესურსი და ყურადღება, ეს ადამიანი უწვდიდა მას ხელს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო კულტურის სფეროში მის მიერ უჩუმრად, პრაქტიკულად, ანონიმურობის ზღვარზე დახარჯული დრო, ენერგია და რესურსია საკმარისი ჩემთვის, რათა მისი ხედვა და ხელწერა გამეგო და გამეთავისებინა. ცხადია, აქ აღარ ჩამოვთვლი კულტურული მემკვიდრეობისა და ცოცხალი კულტურის გადარჩენის მიმართულებით გაკეთებულ საქმეებს, ეს თქვენ ჩემზე არანაკლებ კარგად იცით".

ბოლქვაძეს სურს ოპონენტმა ჩამოაყალიბოს კონკრეტული არგუმენტები წერილობითი სახით, სად იყო პრობლემა, რა არ გაკეთდა, რამ არ დააკმაყოფილა, რა შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო და ვერ გაკეთდა, რისი მიღწევის საშუალებას იძლეოდა რეალური ვითარება და ვერ გაკეთდა?

„სწორედ თქვენგან მაინტერესებს ეს პასუხი, რადგანაც როგორც აღვნიშნე, იმ ერთადერთ ადამიანად იყავით დარჩენილი, რომელმაც ნამუსი შეინარჩუნა და არ შეუერთდა დანარჩენ ოპოზიციას უარგუმენტო ბრალდებებით სავსე და სინდისისგან დაცლილ კრიტიკაში. ნუთუ, ეს გამონაკლისიც აღარ არსებობს? ნუთუ, ოპოზიციაში გადასვლა ამ მანკიერი მეთოდოლოგიის ყველა პოსტულატის უპირობო გაზიარებას მოითხოვს?" - წერს ელისო ბოლქვაძე.

ზვიად ძიძიგურმა გია გაჩეჩილაძის („უცნობის") გადაცემაში ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილის შესახებ და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არის ვალდებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე, მთავრობა და ყველა მინისტრი, ანგარიშვალდებულია არა პრემიერ-მინისტრის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინაშეა ანგარიშვალდებული სასამართლო და ბიზნესი.

საპარლამენტო უმრავლესობა ზვიად ძიძიგურმა, ფრაქცია „კონსერვატორების“ რამდენიმე წევრთან ერთად, 2019 წლის 15 ნოემბერს დატოვა მას შემდეგ, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის უმრავლესობის მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა ივანიშვილის დაპირების მიუხედავად, პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG