Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი არ აპირებს რუსული ვაქცინის შესყიდვას


თურქეთმა განაცხადა, რომ არ აპირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შესყიდვას. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეტინ კოჯაზე დაყრდნობით. კოჯამ განაცხადა, რომ პრეპარატს არ გაუვლია აუცილებელი ლაბორატორიული გამოკვლევა, ამიტომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუძლია მის გამოყენებაზე ნებართვის გაცემა.

მას არ დაუსახელებია ვაქცინის სახელწოდება, მაგრამ მანამდე რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში ლაპარაკი იყო თურქეთის დაინტერესებაზე ვაქცინა Sputnik V-ით. ეს მსოფლიოში COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი დარეგისტრირებული ვაქცინაა.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა, რომელიც Sputnik V-ის მხარდამჭერია, Reuters-ის შეკითხვებს არ უპასუხა. თუმცა ფონდის წყარომ ტასს დაუდასტურა, რომ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და თურქეთთან გრძელდება მოლაპარაკებები.

Reuters-ის თანახმად, თურქეთმა 50 მილიონი დოზა ვაქცინა შეიძინა ჩინეთის კომპანია Sinovac Biotech-ისგან და უკვე დეკემბერში გეგმავს მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ანკარას ასევე გამიზნული აქვს, 2021 წლის ბოლომდე შეიძინოს Pfizer-BioNTech-ის პრეპარატი.

ეპიდემიის დაწყებიდან თურქეთში COVID-19-ით დაავადდა თითქმის 900 ათასი ადამიანი. 15 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. თურქეთის მოსახლეობა 83 მილიონს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG