Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო მინისტრი აცხადებს, რომ ირაკლი ბებუას პატიმრობა განხილვას არ ექვემდებარება


ირაკლი ბებუა
ირაკლი ბებუა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს განცხადებით, ირაკლი ბებუას პატიმრობის საკითხი არანაირ განხილვას არ ექვემდებარება.

დღეს იწყება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდი, რომელზეც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე, მათ შორის, ირაკლი ბებუას დაკავების საკითხზე, რომელსაც სწორედ ჟენევის მოლაპარაკებების წინ მიუსაჯეს 9 წლიანი პატიმრობა, რაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან წარმოადგენს პროვოკაციულ ქმედებას“.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51 რაუნდის წინ, დაურ კოვემ რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ ბებუას საქმეში „სახელმწიფო დროშის“ დაწვის გარდა, კიდევ რამდენიმე ელემენტია, სასამართლომ ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა და ყველაფერი „აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის“ ფარგლებში მიმდინარეობდა.

„გადაწყვეტილებას არავინ გადახედავს“, - განაცხადა დაურ კოვემ.

დაურ კოვე
დაურ კოვე

30 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 27 წლის ირაკლი ბებუა, რომელმაც გალის რაიონში დაწვა „აფხაზეთის სახელმწიფო დროშა“. მოგვიანებით, დე ფაქტო შსს-მ განაცხადა, რომ ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა აღმოაჩინეს.

დე ფაქტო სასამართლომ ირაკლი ბებუა „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით გაასამართლა და 7 დეკემბერს მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ირაკლი ბებუას აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი თბილისში ცხოვრობს. ნათესავების ინფორმაციით, ირაკლი ბებუა გალში დაახლოებით ოთხი წლის წინ წავიდა ბებიის მოსავლელად, მაგრამ უკან დაბრუნება ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის და საჭირო საბუთების არქონის გამო ვეღარ მოახერხა.

XS
SM
MD
LG