Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი ისევ ცდილობს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების დამტკიცებას


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს, განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებს და ბრძოლას გააგრძელებს.

8 დეკემბერს, ტეხასის შტატის გენერალურმა პროკურორმა, კენ პაკსტონმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მიმართა სარჩელით და მოითხოვა არჩევნების შედეგების გაუქმება ჯორჯიის, ვისკონსინის, მიჩიგანის და პენსილვანიის შტატებში. სარჩელის თანახმად, ამ შტატების საარჩევნო ადმინისტრაციებმა კორონავირუსის პანდემია გამოიყენეს კენჭისყრის წესების შეცვლის არაკონსტიტიციურ საბაბად. მოსარჩელე უზენაეს სასამართლოს თხოვს, გადადოს საარჩევნო კოლეგიის მიერ საბოლოო, ოფიციალური შედეგების გამოცხადება.

ტეხასის შტატის პროკურორის სარჩელს მხარი დაუჭირეს 17 შტატის პროკურორებმა. ჯორჯიის, ვისკონსინის, მიჩიგანის და პენსილვანიის შტატების ოფიციალურმა პირებმა კი სარჩელს უწოდეს უგუნური შეტევა დემოკრატიაზე.

CNN-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელ სენატორს, ტედ კრუზს თხოვა, თუ უზენაესი სასამართლო სარჩელის განხილვას გადაწყვეტს, სასამართლოში მისი ინტერესები დაიცვას.

ახალი სარჩელის შეტანამდე, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა რესპუბლიკელების სარჩელი, რომელიც ეხებოდა პენსილვანიის შტატიდან ფოსტით გაგზავნილი 2.5 მილიონამდე საარჩევნო ბიულეტენის შედეგების გაუქმებას.

დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები, რომლებიც გაყალბების წყაროდ მიიჩნევენ ფოსტით ხმის მიცემას, ამის დამტკიცებას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობენ სასამართლო დავებით და სხვა იურიდიული მექანიზმების გამოყენებით.

არჩევნების წინასწარი შედეგებით, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიიდან აქვს 232 ხმა, ხოლო დემოკრატ ჯო ბაიდენს - 306.

ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა.

კოლეგიამ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი 14 დეკემბერს უნდა გამოაცხადოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG