Accessibility links

logo-print logo-print

ზურაბიშვილი: არ შეიძლება ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დიპლომატიაზე უარს ამბობს


საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი მიდგომები, მათ შორის, რუსეთთან დიალოგის თვალსაზრისით.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა ახალი მიდგომა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ აფხაზ და ოს მოსახლეობასთან დაახლოებისთვის: „ოკუპაციაზე მხოლოდ მუდმივად აპელირება არასაკმარისია, თუ იმავდროულად არ ვეძებთ გზებს აფხაზებთან და ოსებთან ფიზიკური და ზნეობრივი დისტანციის შემცირებისთვის და ერთობის აღდგენისთვის. თუ იმავდროულად ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ქართველი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას ვერ ვახერხებთ“.

ზურაბიშვილის თქმით, „ოკუპაციას არ ვეგუებით და არ შევეგუებით“, მაგრამ გაყინული კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად საჭიროა ახალი მიდგომა და თვითიზოლაციიდან გამოსვლა: „შეიძლება არ გვჯეროდეს, რომ დიალოგი რამის მომტანია. გასაგებია, რომ არ ვენდობოდეთ ქვეყანას, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა არ შეიძლება, მთელი მსოფლიოსგან და ჩვენი უახლოესი პარტნიორებისგან განსხვავებით, ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დიპლომატიაზე უარს ამბობს. ისიც უნდა ითქვას და ამაში ოპოზიციას გარკვეულწილად ვეთანხმები, რომ რუსეთთან მხოლოდ პარალელური დიპლომატია არ ამართლებს, რადგან მას აკლია ის ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რაც თან ახლავს ფორმალურ მოლაპარაკებებს“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დიალოგი არ ნიშნავს რამის აღიარებას და მოლაპარაკება არ ნიშნავს დათმობას, ხოლო დიპლომატიაზე უარის თქმა ნიშნავს ყველა ბერკეტის ხელიდან გაშვებას და გაყინვას: „დიალოგს კი თავისი ფორმატი აქვს და ჩვენთვის აუცილებელია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ მიმართულებითაც. ახალი მიდგომა გვჭირდება კავკასიაში ჩვენი მეზობლების და ახალი მოცემულობის გათვალისწინებით. საჭიროა საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი, როგორც კავკასიის ძრავამ და გამაერთიანებელმა. ამისთვის შესაძლებელია ვიფიქროთ „კავკასიური მშვიდობის პლატფორმის“ იდეაზე, რომელიც შეკრებს კავკასიის ქვეყნებს, გარე აქტორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს“.

პრეზიდენტის თანახმად, ახალი მიდგომაა საჭირო ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, რადგან მხოლოდ ლაპარაკი, რომ ევროპასა და ნატოს ვუახლოვდებით და გაწევრიანებისთვის კარი ღიაა, არასაკმარისია: „მოლოდინის დრო აღარაა. აქტიურობის, ახალი ნაბიჯების მოფიქრების და გადადგმის დრო მოვიდა. ევროკავშირთან გვჭირდება აქტიური ორმხრივი პროცესი, რომელშიც ჩვენ მას ქცევით და აზროვნებით დავუახლოვდებით და უფრო სწრაფად გავითავისებთ ევროპულ სტანდარტებს. მაგალითად, შრომის უსაფრთხოება, ეკოლოგია, სურსათის უვნებლობა და სხვა. იმის დროც მოვიდა, რომ ინტეგრაციის პროცესის თანაავტორი გავხდეთ, მეტი ინიციატივა გამოვიჩინოთ, პარტნიორებს დავანახოთ ჩვენი პრიორიტეტები და მათთან ერთად განვსაზღვროთ შემდეგი ეტაპის კონკრეტული საფეხურები“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგივე მიდგომაა საჭირო ნატოსა და სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან: „ახალი ინიციატივები, მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში. საჭიროა ნატოსთან თანამშრომლობის ახალი ფორმების მოფიქრება, ეს კი ჩვენგან მოითხოვს მეტ აქტიურობას, მეტ მოქნილებას და მომავლის ხედვას!“

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ არჩეული დეპუტატები დაესწრნენ. სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მანდატებზე უარის თქმას აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG