Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამშრომლები ღვინის კომპანიისგან გასული 6 თვის ხელფასს ითხოვენ


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში კომპანია „ბესენში“ დასაქმებული ადამიანები ამბობენ, რომ, უკვე 6 თვეა, კუთვნილი ხელფასი არ მიუღიათ. ლაპარაკია 100-ზე მეტ დასაქმებულზე.

მათი ნაწილი მათ შორის იყო დალი გერგიშვილი. ის ამბობს, რომ სხვებთან ერთად მუშად მუშაობს კომპანიის ვენახებში. მათი საქმიანობა ადრე გაზაფხულზე იწყება და მთავრდება გვიან შემოდგომაზე, როცა ყურძენს მოკრეფენ, თუმცა ამ სეზონზე ხელფასი არ მიუღიათ. ვერც მიზეზი გაარკვიეს და ვერც სავარაუდო დრო, როდის აპირებს კომპანია მათთვის ხელფასის გადახდას.

თანამშრომლების ნაწილი ღვინის ქარხნის ეზოში შეიკრიბა და ხელმძღვანელ პირთან შეხვედრა მოითხოვა
თანამშრომლების ნაწილი ღვინის ქარხნის ეზოში შეიკრიბა და ხელმძღვანელ პირთან შეხვედრა მოითხოვა

„2 765 ლარი მაქვს მისაღები. აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ არსებულ დავალიანებას მოგვცემდნენ დღეს, ხვალ, ზეგ... ამასობაში ახალი წელი მოდის და კაპიკი არ გვაქვს მიღებული. ჩვენ რა გავაკეთოთ, გვეტყვის ვინმე?“

დალი გერგიშვილის მსგავსად, ხელფასი არ მიუღია არც ალიკა მსუქნიშვილს. ამბობს, რომ ამ დრომდე თავს იკავებდნენ ხმამაღლა საუბრისგან, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს, როდის აპირებენ მათი ვალის გასტუმრებას, კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ და პროტესტს აქციის სახე მისცეს.

100-მდე მუშა 6 თვის ხელფასს ითხოვს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:28 0:00

„დავალიანება 380 ლარია და შეიძლება ბევრისთვის მიზერულია, მაგრამ ეს თანხა ჩემთვის დიდ რამეს ნიშნავს, ყოველდღიურად მედიკამენტების მომხმარებელი ვარ. ახლა ჩვენ აქ ცოტანი ვართ მოსული, რადგან ბევრს ეშინია იმის, რომ თუ პროტესტს გამოთქვამს, შესაძლოა სამსახურიდან გაათავისუფლონ. მე, იცით, რა მიკვირს? -რატომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც არ ამბობს იმას, რომ ხელფასის გადაუხდელობა უნდა ისჯებოდეს“.

რადიო თავისუფლებამ სცადა გაერკვია, როდის აპირებს ღვინის კომპანია „ბესენი“ თანამშრომლებისთვის არსებული ვალის გადახდას, მაგრამ კომპანიის ოფისში ხელმძღვანელი პირები არ იმყოფებოდნენ. მათ არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხეს. ერთადერდი, ვინც მცირე კომენტარი გააკეთა, ქარხანაში დარგის ხელმძღვანელი გელა ბაბუნიძეა. ამბობს, რომ კომპანიას მის მიმართაც აქვს სახელფასო დავალიანება. გელა ბაბუნიძის თქმით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში კომპანიას გაყიდვები, ფაქტობრივად, შეჩერებული ჰქონდა და მცირე შეკვეთები მხოლოდ ახალი წლის მოახლოებისას მიიღეს.

„არც მე მიმიღია კუთვნილი ანაზღაურება. როგორც გვეუბნებიან, ელოდებიან გაყიდული პროდუქციის საფასურის ჩარიცხვებს. ჩვენ ჩვენი საქმე გაკეთებული გვაქვს. ვენახები მოვიყვანეთ, არ გაგვფუჭებია და დაიწურა კიდეც, მაგრამ, ალბათ, ყველამ იცით, რომ კორონავირუსის გამო ტურიზმი გაჩერებულია და ამ პრობლემებმა, ალბათ, კომპანიაზეც იმოქმედა. მცირედი შეკვეთები მხოლოდ ახლა დაიწყო, რაც ახალი წელი მოახლოვდა“.

კომპანია „ბესენის“ მსგავსად, კორონავირუსის პანდემიამ და საზღვრების ჩაკეტვამ ფინანსური პრობლემები ღვინის სხვა კომპანიებსაც შეუქმნა. ამას ისინი ჩვენთან პირად საუბრებში ადასტურებენ, თუმცა ღიად ლაპარაკი არ სურთ. დღეს 10-მდე კომპანიას დავუკავშირდით და მათგან მხოლოდ მცირე მარნის, ახმეტის ღვინის სახლის მფლობელი დაგვთანხმდა შექმნილ მდგომარეობაზე ელაპარაკა. ნიკოლოზ გარსევანიშვილის თქმით, მათი ღვინოები ძირითადად უცხოეთის ბაზრებზე -იაპონიასა და ამერიკაში - იყიდებოდა, მაგრამ ახლა ამას ვეღარ ახერხებენ. ამბობს, რომ მარანს ძირითადად ოჯახის წევრები ამუშავებენ, ამიტომ მათ შემთხვევაში თანამშრომლებისთვის ხელფასების გადაუხდელობის პრობლემა არ დამდგარა.

„ჩვენ საკუთარი რესურსების ხარჯვაზე გადავედით, რადგან წინა წლის ფინანსები ამოუღებელი დაგვრჩა. მინუსებში გავდივართ, ანუ ახლა ინვესტიციას ვდებთ მომავალი ბიზნესისთვის. ფაქტიურად, გაჩერებული ვართ. მიმდინარე კონტრაქტები დასრულდა და სხვადასხვა ქვეყნიდან ახალ მყიდველებს ველოდებოდით, თუმცა ვერ ჩამოვიდნენ. ამიტომ ჩვენ გვიწევს გაგზავნა და სწორედ აქ არის პრობლემა, რადგან გაგზავნა რთული ამბავია“.

იმ ღვინის კომპანიებისა და მცირე მარნების წარმომადგენლები, ვინც არსებულ პრობლემებზე ღიად ლაპარაკობს, ამბობენ, რომ თუკი პანდემია კიდევ დიდხანს გაგრძელდა, არ არის გამორიცხული საქმიანობა საერთოდ შეაჩერონ, რადგან უკვე ორი წლის მარაგები აქვთ გასაყიდი. აღსანიშნავია, რომ წელს კახეთის რეგიონში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყურძნის ყველაზე დიდი მოსავალი მიიღეს. საერთო ჯამში, ღვინის კომპანიებმა 283 ათას ტონამდე მოსავალი ჩაიბარეს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG