Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულ ოცნება" მოითხოვს, რომ "სამართლიანმა არჩევნებმა" კიდევ ერთი შეცდომა აღიაროს


მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისგან“ მოითხოვა, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს ჩამონათვალი საარჩევნო უბნების იმ 8%-ისა, სადაც, ორგანიზაციის ინფორმაციით, ბიულეტენების სიჭარბე იყო.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ „სკანდალურ განცხადებას“, რომლითაც აღიარა უხეში ხარვეზი ხმის პარალელურ დათვლაში, ე.წ. PVT-ში, 13 დეკემბერს დაემატა ორგანიზაციის ხელმძღვანელის „კიდევ უფრო სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მან უხეში ხარვეზის შესახებ, ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს, ყველაფერი იცოდა“.

კობახიძის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ PVT-ზე დაყრდნობით რადიკალური ოპოზიცია ვითარების კრიზისში შეყვანას ყოველდღიურად ცდილობდა, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მომდევნო ორი კვირის მანძილზე PVT-ის სიყალბეს საგულდაგულოდ მალავდა“.

ირაკლი კობახიძის თანახმად, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად შეეცადა, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის აერიდებინა რეპუტაციული ზიანი და საჯაროდ შეგნებულად არ გამოთქვა საფუძვლიანი ვარაუდი PVT-ის მანიპულაციასთან დაკავშირებით, რასაც დახურულ შეხვედრებზე აფიქსირებდნენ:

„თუმცა, სამწუხაროდ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ჩვენს თავაზიან მიდგომას დაუპირისპირა არასათანადო პასუხი, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა. ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში მან შეიტანა ორი ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც უხეშად მცდარი. პირველი - განცხადებაში აღინიშნა, რომ, თითქოს, შესწორება არ ახდენს გავლენას მანდატების განაწილებაზე, მაშინ როდესაც, PVT-ის პირველადი მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ჯამურად 4-ით ნაკლები საპარლამენტო მანდატი ერგებოდა“.

კობახიძის შეფასებითვე, მეორე და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მცდარი ინფორმაცია უკავშირდება ოქმებში დაფიქსირებულ დისბალანსს: „კერძოდ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ კიდევ ერთხელ გაიმეორა პირველ განცხადებაში გავრცელებული შემდეგი მცდარი შეფასება: „გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ეს შეფასება არის ისეთივე უხეშად მცდარი, როგორიც იყო PVT-ის პირველადი მონაცემები. ბიულეტენების მეტობა მთელი ქვეყნის მასშტაბით საბოლოოდ დაფიქსირდა 3847-დან მხოლოდ 19 უბანზე და ჭარბი ბიულეტენების ჯამური რაოდენობა იყო 2 მილიონამდე ბიულეტენიდან 25 ბიულეტენი“.

კობახიძის თქმით, მათ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შეტანილი სარჩელები და გასაჩივრებული უბნების მონაცემები საფუძვლიანად გააანალიზეს და დაადგინეს, რომ ბიულეტენების სიჭარბე ამ ორგანიზაციის მიერ დათვლილი საარჩევნო უბნების არათუ 8, 1%-შიც კი არ დაფიქსირებულა და, PVT-ის დეტალური ანგარიშის თანახმადაც, ბიულეტენების მეტობა 1000-მდე დათვლილი უბნიდან მხოლოდ 8 უბანზე აღინიშნა, საიდანაც მეტ-ნაკლებად არსებითი დისბალანსი მხოლოდ 3 უბანზე დაფიქსირდა.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 17 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე და მოგვიანებითაც, ორგანიზაციის ხელმძღვანელს არაერთხელ სთხოვეს განმარტება 8%-იან მაჩვენებელთან დაკავშირებით, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, „მისი პასუხები ისეთივე სუსტი იყო, როგორც PVT-სთან დაკავშირებით“.

„ქართული ოცნება“ მოითხოვს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელისგან, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების 8%-ის ჩამონათვალი, სადაც, ორგანიზაციის მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, „აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ხარვეზის გადამოწმებასა და შესაბამისი უბნების მონაცემების გამოქვეყნებას ზუსტად ერთი დღე სჭირდება.

„ქართული ოცნება“ ორგანიზაციის დონორებს სთხოვს, დაინტერესდნენ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ „კიდევ ერთი უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზეზითა და მოტივით“.

„სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიცემული ხმების პარალელური დათვლა განახორციელა, 11 დეკემბერს განაცხადა, რომ შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგიის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, გასწორების შედეგად კი, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, თუმცა, სხვაობა გავლენას არ ახდენს მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

პარალელური დათვლის თავდაპირველი შედეგით, „ქართულ ოცნებას” ხმების 45.8% ჰქონდა, კორექტირების შემდეგ კი, 47.6% აქვს.

13 დეკემბერს, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათ მიერ ხარვეზის აღმოჩენა არ არის სკანდალი, როგორც ამას ხელისუფლება წარმოაჩენს და არ ცვლის ორგანიზაციის მიერ არჩევნების შეფასებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG