Accessibility links

logo-print logo-print

გორის მუნიციპალიტეტში გათავისუფლებული დირექტორები


გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნაწილში დირექტორები გაათავისუფლეს. უკვე ყოფილი დირექტორები განათლების სამინისტროსგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.

ამჟამად ხიდისთავის, სკრის, ერგნეთის, ბოშურის, კარალეთისა და ფხვენისის სკოლებში დირექტორების მოვალეობას მათი მოადგილეები ასრულებენ. გათავისუფლებულთა შორისაა ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი მიმოზა ღოლიჯაშვილი. ის 2014 წლიდან სამეურვეო საბჭომ სკოლის ხელმძღვანელად აირჩია. მისი მმართველობის პერიოდში სკოლა არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა. ღოლიჯაშვილი საუკეთესო დირექტორების ათეულში შედიოდა და ეს შესაბამისი სიგელებითაც დადასტურებულია, თუმცა გადაწყვეტილების მიღების დროს სამინისტრომ ეს არ გაითვალისწინა.

ყველას ამოეწურა ვადა და წავიდნენ და გააგრძელონ ან მასწავლებლად მუშაობა, ან ხელახლა იყარონ კენჭი სხვა სკოლებშიო, ეგ არის პასუხი...
არჩილ მიხანაშვილი

2020 წლის ოქტომბერში მიმოზა ღოლიჯაშვილს უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა გაუვიდა, თუმცა თვე-ნახევრის ლოდინის შემდეგ აცნობეს, რომ დირექტორის მოვალეობას მის ნაცვლად მისი მოადგილე შეასრულებს. მიმოზა ღოლიჯაშვილი ახლა სამინისტროსგან განმარტებას ითხოვს.

„ყოველგვარი ახსნა-განმარტების, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოხდა ისე, რომ არ გადამიყვანეს მოვალეობის შემსრულებლად. რატომ არ მოხდა მოვალეობის შემსრულებლად გადაყვანა, როცა ბავშვებში, მშობლებში და მთლიანად თემში ავტორიტეტით ვსარგებლობ. რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს და რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება?“ - უკვირს მიმოზა ღოლიჯაშვილს.

სამსახური დაკარგა კარალეთის საჯარო სკოლის დირექტორმა არჩილ მიხანაშვილმაც. მისი თქმით, პასუხად იმას იღებს, რომ კონკურსებში შეუძლია მონაწილეობის მიღება.

„ყველას ამოეწურა ვადა და წავიდნენ და გააგრძელონ ან მასწავლებლად მუშაობა, ან ხელახლა იყარონ კენჭი სხვა სკოლებშიო, ეგ არის პასუხი. გორის რაიონში 18 სკოლას ჰყავს დირექტორი, რომელსაც სერტიფიკატიც არა აქვს და 6 წელიწადია, მუშაობენ შემსრულებლებად“, - აცხადებს არჩილ მიხანაშვილი.

ოპოზიციური პარტიებისთვის დირექტორების გათავისუფლების საკითხი პოლიტიკას და კონკრეტული მოხელეების ინტერესებს უკავშირდება.

საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს ჩვენ, რომ სკოლების დირექტორების თანამდებობებზე შეიძლება ვიხილოთ ის ადამიანები, რომლებსაც უმაღლესი განათლების დიპლომიც კი არა აქვთ...
ვასილისა ჯაბახიძე

„ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელ ეთერ ჯალაღანიას თქმით, დირექტორებს მმართველი პარტია ყოველთვის პარტიული ნიშნით არჩევს და გათავისუფლებული დირექტორებიც „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურები იყვნენ, თუმცა, ჯალაღანიას აზრით, ისინი, როგორც ჩანს, უკვე აღარ სჭირდებათ და მათ ადგილს სხვა, უფრო ლოიალურებს უთავისუფლებენ.​

„სკოლის დირექტორებსაც კი პარტიული ნიშნით არჩევენ და ძალოვანი სტრუქტურების რეკომენდაციებით ნიშნავენ. სკოლების დირექტორების გათავისუფლებაც, ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ შიგნით კლანურ დაპირისპირებას მოჰყვა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი კი, ვასილისა ჯაბახიძე, ამ გათავისუფლებაში შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის, ინტერესებს ხედავს:

„საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს ჩვენ, რომ სკოლების დირექტორების თანამდებობებზე შეიძლება ვიხილოთ ის ადამიანები, რომლებსაც უმაღლესი განათლების დიპლომიც კი არა აქვთ და, მეტიც, არ გაგვიჭირდება მათ რიგებში გიორგი ხოჯევანიშვილის ნათესავების და მეგობრების მოძებნა“.

საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბინძურ და არარელევანტურ ბრალდებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა არც ერთი დირექტორის გათავისუფლება. ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში...
განათლების სამინისტრი

დირექტორების გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ განათლების სამინისტროში. გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი, აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 41 დირექტორს. 40-მა მათგანმა მიმართა მინისტრს განცხადებით და სთხოვა მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა. მათგან 34 დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, 6-ს კი უარი ეთქვა. ტერმაკოზაშვილმა არ იცის, რა იყო უარის მიზეზი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რადიო თავისუფლებას საკუთარი პოზიცია წერილობით გააცნო.

„საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა. აღნიშნული ინფორმაცია საჯარო სკოლის ყველა დირექტორისთვის კარგად არის ცნობილი.

სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა არც ერთი დირექტორის გათავისუფლება. ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში“, - წერია სამინისტროს მიერ მოწერილ პასუხში.

გათავისუფლებული დირექტორები კი სამინისტროსგან დამატებით განმარტებებს ელოდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG