Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა და აზერბაიჯანმა პატიმრები გაცვალეს, მთიანი ყარაბაღის საზავო შეთანხმების თანახმად


აზერბაიჯანმა და სომხეთმა დაიწყეს პატიმრების გაცვლა, როგორც ეს გათვალისწინებული იყო ორ მეზობელ ქვეყანას შორის გაფორმებულ საზავო ხელშეკრულებაში, რომლითაც დასრულდა ახლახან გაჩაღებული ბრძოლა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის გარშემო.

აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ პატიმართა გაცვლის "ყველა-ყველაზე" პრინციპზე, და პატიმართა ნაწილი 14 დეკემბერს ჩაფრინდა აზერბაიჯანში. სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთის თვითმფრინავი, რომელშიც 44 სომეხი პატიმარი იმყოფებოდა, იმავე დღეს მოგვიანებით ჩაფრინდა ერევანში.

"ამ ეტაპზე, სომეხი პატიმრები, რომელთა დაპატიმრება აზერბაიჯანის და წითელი ჯვრის მიერ იყო დადასტურებული, ბრუნდებიან. ჩვენი სხვა, დაკარგული და შესაძლოა დაპატიმრებული კომპატრიოტების მოძებნის და მათი დაბრუნების ორგანიზების პროცესი გრძელდება" - წერს სომხეთის ვიცეპრემიერი, ტიგრან ავინიანი ფეისბუკზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანს 12 პატიმარი გადასცეს, სომხეთს - 44.

პატიმართა გაცვლის ოპერაციის შუამავალი რუსეთის მშვიდობისდამცველი ძალები იყვნენ, რომლებიც ასევე მოსკოვის შუამავლობით გაფორმებული საზავო შეთანხმების თანახმად მთიან ყარაბაღში და მის გარშემო განთავსდნენ. ზავი 10 ნოემბერს ამოქმედდა, ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებების შემდეგ.

ჯერჯერობით დაკონკრეტებული არ არის ის, კიდევ რამდენი პატიმრის გაცვლას გეგმავენ აზერბაიჯანი და სომხეთი.

შეტაკებები, რომლებსაც ორივე მხარეს 5600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ყველაზე მწვავე იყო რეგიონში ადრეული 1990-იანი წლების შემდეგ. საზავო შეთანხმებით, მთიანი ყარაბაღის და მისი შემოგარენის გარკვეული ნაწილები აზერბაიჯანის ადმინისტრაციის ქვეშ მოხვდა, მას შემდეგ, რაც მათ თითქმის 30 წლის განმავლობაში ეთნიკური სომხების ძალები აკონტროლებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG