Accessibility links

logo-print logo-print

ფიქრია ჩიხრაძე: კრიზისი არის წყარო, შესაძლებლობა იმისა, რომ გაჩნდეს ვადამდელი არჩევნებისათვის სივრცე


ფიქრია ჩიხრაძე

„გამორჩეული ოპტიმიზმი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არც ჩვენ არ გვაქვს და არ გვაქვს განცდა, რომ დღე-დღეზე ყველაფერი გადაწყდება, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ უკვე დამთავრებულია და წერტილი აქვს დასმული ყველაფერს“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ. მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა „ლელოს“ წარმომადგენლების გუშინდელი შეხვედრა მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებთან:

„მათ კიდევ ერთხელ ავუხსენით ჩვენ სიტუაცია, რომ ერთია, რას ლაპარაკობს საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მეორეა რეალობა, ის, რომელიც შეიქმნა. და ეს რეალობა არის ერთპარტიული პარლამენტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად და რომ ეს ძალიან დიდი საფრთხის და საშიშროების მატარებელია დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ. მისი თქმით, ერთპარტიული პარლამენტი კრიზისის სერიოზული მაჩვენებელია, კრიზისი კი არის წყარო, შესაძლებლობა იმისა, რომ გაჩნდეს სივრცე ვადამდელი არჩევნებისათვის:

„ეს ასე ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავიკვეხნით დიდი დემოკრატიულობით და ამიტომ გვიწევს პროტესტული ძალისხმევა ამ მიმართულებით. ეს პროტესტი შედგა და ამ პროტესტმა გააჩინა ახალი მოცემულობა, ბუნებრივია. ჩვენ ამ ახალი მოცემულობის თაობაზე ვესაუბრეთ სწორედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და სულ არის რამოდენიმე დღე დარჩენილი“, - თქვა ფიქრია ჩიხრაძემ „დილის საუბრებში“.

პარტიის „ლელო საქართველოსათვის“ წარმომადგენლები 14 დეკემბერს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს შეხვდნენ და ინდივიდუალურად განიხილეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „ლელომ“ ელჩებს პროცესის ფასილიტატორობიდან არბიტრაჟის ფუნქციის შესრულება შესთავაზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG