Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ჩავლეიშვილი „რესპუბლიკურ პარტიას" ტოვებს და შედის აჭარის უმაღლეს საბჭოში


ირაკლი ჩავლეიშვილი
ირაკლი ჩავლეიშვილი

აჭარის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეული დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომელიც საარჩევნო ბლოკის ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს სიაში „რესპუბლიკური პარტიიდან" მოხვდა, ავტონომიის წარმომადგენლობით ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მან „ფეისბუკზე" დაწერა, ამავე დროს, აჩერებს „რესპუბლიკური პარტიის" წევრობას, რადგან მათ ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვთ.

„ხანგრძლივი განსჯის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით. 1990 წლიდან მოყოლებული, ვიყავი როგორც აჭარის, ასევე ქ. ბათუმის სამი მოწვევის დეპუტატი. ამ ხნის განმავლობაში, ყოველ ჯერზე გაყალბებული არჩევნების შედეგად, ხშირად მარტო მიწევდა ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობა. მომავალშიც ასე ვაპირებ. სამწუხაროდ, ჩემი და „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" დამოკიდებულება, უმაღლესი საბჭოს ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავდება. ვფიქრობ, დეპუტატის ადგილი პარლამენტშია. ასევე თანავუგრძნობ მომიტინგეებს ქუჩაში, სადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამიტარებია", - წერს ჩავლეიშვილი.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს. „დასავლური პოლიტიკური ფასეულობები ჩემი პოლიტიკური ცხოვრების ქვაკუთხედია. ამიტომაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების დაუმსახურებელი და დაუფიქრებელი კრიტიკა. ყოველივე ზემოთ გამოთქმულიდან გამომდინარე, იძულებული ვარ შევაჩერო „საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში" ჩემი წევრობა. ვრჩები ოპტიმისტად და იმედს ვიტოვებ, რომ დადგება ის დროც, როდესაც საქართველოში პატივი მიეგება ერთი ადამიანის განსხვავებულ აზრს! დროა ყველაზე კარგი მსაჯული და იმედია გამოაჩენს, ვისი პოზიციაა ჩვენს შორის სწორი“ - წერს ირაკლი ჩავლეიშვილი.

ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს საბჭოს არჩევნებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

დღეს ოპოზიციამ ბათუმში გამართულ აქციაზე ხელი მოაწერა დოკუმენტს და პირობა დადო რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში არ შევიდოდა 7 დეპუტატი, რომლებმაც 5% ბარიერი გადალახეს აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში საარჩევნო ბლოკით ენმ - ძალა ერთობაშია". თუმცა ხელის მოწერის ცერემონიალზე არ გამოჩენილა ამ ბლოკში მყოფი ირაკლი ჩავლეიშვილი. „რადიო თავისუფლება“ მასთან დაკავშირებას მთელი დღე ცდილობდა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ირაკლი ჩავლეიშვილი ამ საკითხს ღამით საკუთარ „ფეისბუკზე" გამოეხმაურა და ისიც დაწერა , რომ ამ თემასთან დაკავშირებით მედიასთან დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

უმაღლესმა საბჭოს 21 დეპუტატის უფლებამოსილება 15 დეკემბერს ცნო, ახლა დარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ორმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა - „ქართულმა ოცნებამ" (45.9%-ით) და ენმ-„ძალა ერთობაშია"-მ (34.%-ით). 14 მანდატი მმართველმა პარტიამ აიღო (მათ შორის, 3 მაჟორიტარული წესით), ოპოზიციურმა ბლოკმა კი - 7.

XS
SM
MD
LG