Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: რაზეც სოზარ სუბარი საუბრობდა, ჩემი საარჩევნო დაპირება იყო


თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟზე საუბრისას თქვა, რომ "ქართული ოცნების" წევრის, სოზარ სუბარის სექტემბერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის აფრიკის დასახლებაში მცხოვრები პირების მიწების რეგისტრაციის საკითხზე საუბრობდა, არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა. მისი განმარტებით სუბარი საუბრობდა არა იმგვარი მიწების დაკანონების შესაძლებლობაზე, რომელიც უკანონოდ არის მიტაცებული, არამედ იმ სახლების დაკანონებაზე, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ და მათ საკუთრებაში არ არის.

"გუშინ არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა სოზარ სუბარის განცხადებას და კიდევ ერთხელ მინდა განმარტებები გავაკეთო: ის, რაზეც სოზარ სუბარი საუბრობს, ეს იყო ჩემი საარჩევნო დაპირება 2017 წელს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საარჩევნო დაპირებას ვასრულებთ, ვაკეთებთ და მომავალშიც, რა თქმა უნდა, მივყვებით ბოლომდე. ეს არის იმ სახლების დაკანონება, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში, ათეული წლებია ცხოვრობენ თავიანთი შვილებით, შვილიშვილებით, თაობები გამოზარდეს და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახორციელებდნენ დაკანონებას. ეს, რა თქმა უნდა, ვერ შეეხება იმ კონკრეტულ ქეისებს, როდესაც ხვალ ადამიანი ადგება, სახელმწიფო მიწას მიიტაცებს და შემდეგ იტყვის, რომ ეს ჩემიაო და მოვა, მოგვთხოვს დაკანონებას. ეს ორი განსხვავებული ქეისია, ეს ორი განსხვავებული მიმართულებაა", — განმარტავს კახა კალაძემ.

მისი თქმით, დაპირება რომელიც მან გასცა და რაზეც სოზარ სუბარი საუბრობდა, სრულდება და ამის დასტურია ის, რომ დღეს 32 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში სიმბოლურ ფასად გადაეცემა:

"დღეს 32 ოჯახს 1 ლარად, სიმბოლურად ფასად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში: ისანში - 13 ოჯახი, ნაძალადევში - 10 ოჯახი, მთაწმინდაზე - 4 ოჯახი, გლდანში - 2 ოჯახი. გავიმეორებ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამას და მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - თქვა კახა კალაძემ.

სექტემბრის თვეში საპარლამენტო არჩევნების წინ კამპანიისას სოზარ სუბარმა თქვა, რომ მშენებლობების დაკანონება აფრიკის დასახლებაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ასეთი საკითხები სასწრაფოდ იყო გადასჭრელი.

“ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის სახლები თუ ნაკვეთები, რომლებიც ჯერ კიდევ აქ მცხოვრები ადამიანების მშობლებს ეკუთვნოდათ 60-70-იანი წლებიდან მოყოლებული და დღემდე არ არის დაკანონებული. ბუნებრივია, რომ ასეთი საკითხები სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს. მე უბრალოდ ვპირდები ამ ადამიანებს, რომ ყოველდღიურად ვიცხოვრებ მათთან ერთად, სანამ თითოეული ეს პრობლემა არ გადაწყდება”, — ასეთი იყო შემოდგომაზე დეპუტატის განცხადება.

"არის არაერთი დასახლება, სადაც ადამიანებს აშენებული აქვთ წლების წინ სახლები, ცხოვრობენ შიგნით, ბავშვებს იქ ზრდიან, ხეხილი დარგული აქვთ, ვპირდებოდით, რომ ყველგან მაქსიმალურად დავეხმარებოდით. თუმცა ამ ადამიანებს შორისაც იყო ხალხი, რომელიც მეუბნებოდა: „მაქვს 1400 კვ. შემოღობილი“, „მაქვს 1800 კვ. შემოღობილი“. ასეთ ადამიანებს, ყველას ვეუბნებოდი, რომ მე ვერ დაგპირდებით, რომ ამ ფართობის მიწის ნაკვეთის თბილისში (შესაძლოა, ცენტრში არა, თუმცა გარეუბანში) დაკანონებაში მოგეხმარებით. მინიმუმი საცხოვრებელი რომ გქონდეთ, ამაში დაგეხმარებით, სადაც კანონი მოგვცემს საშუალებას. ადამიანები, რომლებმაც ბოლო 2-3 თვეში ააშენეს სახლები და მათ აქვთ სხვა საცხოვრებელი...“, - თქვა სოზარ სუბარმა 15 დეკემბერს, მას შემდეგ რაც აფრიკის დასახლებაში უკანანო ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა.

15 დეკემბერს თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაანგრია.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი.

შენობა-ნაგებობების დანგრევა გააპროტესტეს მოქალაქეებმა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც დააკავა 13 პირი, მათგან 12-ს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. ერთი ადამიანი კი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.

ასევე ნახეთ:

სახლების დანგრევის მოლოდინში - რა ხდება აფრიკის დასახლებაში

თბილისის მერმა ჩამოთვალა რა ქონებას ფლობენ ადამიანები, ვისი უკანონოდ მშენებარე სახლების დემონტაჟიც მოხდა აფრიკის დასახლებაში

კახა კალაძე ბინას ჩუქნის მამა-შვილს აფრიკის დასახლებიდან

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG