Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას


თამარ გაბუნია
თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში მცირედი სტაბილიზაციის ტენდენცია აღინიშნება, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქების თვალსაზრისით მიმდინარე კვირა მნიშვნელოვანი იქნება დაკვირვების კუთხით.

„შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან ის შედეგი, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ, არის ცალსახად ამ შეზღუდვების შედეგი. ჰოსპიტალური სექტორი ბოლო ორი თვის განმავლობაში მუშაობდა მაქსიმალური დატვირთვით და ჩვენ რომ ისევ დავუბრუნდეთ დატვირთვის ამ მაჩვენებელს იანვრის დასაწყისში, ეს იქნება უკიდურესად რთული გადასატანი, ამდენად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაცია ისევ და ისევ არის ის, რომ დავაკვირდეთ ამ კვირაში სტაბილიზაციის ნიშნებს და შესაფერისად მივიღოთ გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1922-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გაკეთდა 17 943 PCR და სწრაფი ტესტი და გამოვლენილია კორონავირუსის 3487 შემთხვევა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 198 387 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2495-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 167 281. გარდაიცვალა კოვიდ-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1922-ს შეადგენს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვები ძალაში 28 ნოემბრიდან შევიდა. შეზღუდვების გეგმა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქებას და დახურული სავაჭრო ობიექტების გახსნას ითვალისწინებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

XS
SM
MD
LG