Accessibility links

logo-print logo-print

მერიასთან გამართულ აქციაზე სოლიდარობა გამოუცხადეს აფრიკის დასახლებას


თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე სოლიდარობა გამოუცხადეს აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს. პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა დაასახელა სამი ძირითადი საკითხი, რაც ბინის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს უკავშირდება.

„პირველი, აუცილებელია, რომ ის ადამიანები, რომელთა სახლებიც დაინგრა, დაკმაყოფილდნენ შესაბამისი საცხოვრებლით. არა მხოლოდ ზამთარი გადაიტანონ, არამედ, სანამ სახელმწიფოს საბინაო პოლიტიკა არ შეიქმნება, მანამდე ყველა მოქალაქე დაკმაყოფილდეს შესაბამისი საცხოვრებლით.

მეორე აუცილებელი მოთხოვნაა, დარეზერვდეს ის მიწები, რომელზეც სახელმწიფო-საბინაო პოლიტიკა უნდა განხორციელდეს.

მესამე, რაც არის მთავარი, ეს ოჯახები რომ არ დაგვავიწყდეს - ადამიანი, რომელიც არის დაკავებული, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. მთლიანად ამის დამაგვირგვინებელი უნდა იყოს სახელმწიფო-საბინაო პოლიტიკა.

საცხოვრებელი, როგორც კონსტიტუციაში ჩავაწერინეთ, არის ადამიანის განუყოფელი უფლება. კონსტიტუციაში წერია, რომ მასზე ზრუნავს სახელმწიფო. ახლა კი არ ზრუნავს, უნგრევს", - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

15 დეკემბერს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში 12-მდე უნებართვოდ აშენებული ნაგებობა დაანგრია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს შენობები მათი ერთადერთი საცხოვრებელი სახლები იყო და სხვაგან წასასვლელი არ აქვთ.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი.

შენობა-ნაგებობების დანგრევა გააპროტესტეს მოქალაქეებმა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც დააკავა 13 პირი, მათგან 12-ს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. ერთი ადამიანი კი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG