Accessibility links

site logo site logo

რამდენად ეფექტიანად აღასრულებენ თვითმმართველობები პიროტექნიკის გაყიდვისას კანონს


პიროტექნიკა

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პიროტექნიკის გაყიდვა დაიწყო. გასული წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასაფეთქებლებს უმეტესად არასრულწლოვნები ყიდულობენ და მოიხმარენ, პიროტექნიკის არასწორი გამოყენება კი ხშირად დამწვრობითა და სხეულის მძიმე დაზიანებებით სრულდება. ადამიანები სტაციონარშიც კი ხვდებიან. რამდენად ეფექტიანია ადგილობრივი თვითმმართველობების კონტროლი პიროტექნიკის გაყიდვაზე და რა სანქციები მოქმედებს?

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პიროტექნიკის მასობრივი გაყიდვა დაიწყო. მაღაზიებსა თუ ქუჩებში მოწყობილ ღია დახლებზე ე. წ. ასაფეთქებლების ფართო არჩევანია. ბაზარზე გამოტანილი პროდუქცია ძირითადად თურქული და ჩინური წარმოებისაა, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ქართული ეტიკეტიც აქვს. მასზე კი წერია, რომ პიროტექნიკის მიყიდვა არასრულწლოვნებისთვის აკრძალულია, თუმცა სხვადასხვა ზომისა და სიძლიერის პიროტექნიკა ყოველგვარი კონტროლის გარეშე იყიდება და მას ხშირად სწორედ არასრულწლოვნები ყიდულობენ. რეალიზატორებს ამის შესახებ ღიად ლაპარაკი არ სურთ, თუმცა პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ მსგავსი პროდუქციის მომხმარებლები ძირითადად მოზარდები არიან.

გასულ წელს მე საავადმყოფოში შევესწარი შემთხვევას, როდესაც ახალგაზრდა ქალი შემოიყვანეს ხელის თითების მძიმე ტრავმით...

აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო ფოიერვერკებისა და შუშხუნების მოხმარება არცთუ ისე იშვიათად სავალალო შედეგით სრულდება. არის ფაქტები, როდესაც ე.წ. ასაფეთქებლების მოხმარებამ სხეულის მძიმე და მსუბუქი დაზიანება გამოიწვია. მასალაზე მუშაობის დროს ჩვენ გვსურდა გაგვერკვია, მაგალითად, რამდენი ადამიანი დაშავდა მიმდინარე წლის დასაწყისში კახეთის რეგიონში. ვერ მოვიძიეთ უწყება, რომელიც მსგავს სტატისტიკას აწარმოებს. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2020 წლის დასაწყისში - ახალი და ძველით ახალი წლის დღესასწაულებზე - თბილისსა და რეგიონებში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო, ჯამში, 90 ადამიანი დაშავდა, მათგან თბილისში დაშავებული მოქალაქეებიდან ჰოსპიტალიზაცია 35-ს დასჭირდა, ხოლო რეგიონებში დაზარალებულებიდან - 16-ს.

პიროტექნიკა
პიროტექნიკა

ამ ფაქტების გათვალისწინებით, კახეთში გამოკითხული რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ პიროტექნიკის რეალიზაცია და მისი გამოყენება მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს:

„გასულ წელს მე საავადმყოფოში შევესწარი შემთხვევას, როდესაც ახალგაზრდა ქალი შემოიყვანეს ხელის თითების მძიმე ტრავმით. მაშინ მხოლოდ ეს ერთი კი არა, ალბათ, 5 ადამიანი მოიყვანეს, რომლებიც ახალი წლის ღამეს დაშავდნენ. ნუთუ არ შეიძლება ამის გაკონტროლება? ან წესები აუხსნან, ან საერთოდ აკრძალონ!“

მოგეხსენებათ, რაც არ უნდა დიდი რესურსი გვქონდეს, ყველა მაღაზიაში და მოვაჭრესთან თითო ადამიანს ვერ დავაყენებთ, რათა მუდმივად აკონტროლონ...
რამაზ ქიტიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი არასრულწლოვანს პიროტექნიკას მიჰყიდის, ის უნდა დაჯარიმდეს 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 200 ლარით. წესით, კანონდამრღვევი რეალიზატორები უნდა გამოავლინონ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა, თუმცა რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ, მაგალითად, გურჯაანში 2019-2020 წლებში კანონდარღვევის არც ერთი შემთხვევა არ არის აღრიცხული. გურჯაანის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი ამბობს, რომ სარეალიზაციო ობიექტებს პერიოდულად ამოწმებენ, თუმცა კანონდარღვევა ჯერ ვერ აღმოაჩინეს:

„კანონდარღვევის და, შესაბამისად, დაჯარიმების შემთხვევა არ გვქონია და იმედია, არც იქნება! მოგეხსენებათ, რაც არ უნდა დიდი რესურსი გვქონდეს, ყველა მაღაზიაში და მოვაჭრესთან თითო ადამიანს ვერ დავაყენებთ, რათა მუდმივად აკონტროლონ. ეს უნდა იყოს შემთხვევითობის პრინციპით დაგეგმილი ინსპექტირება და ასეც არის“.

ტექნიკური რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ იმ ტერიტორიების ჩამონათვალსაც განსაზღვრავს, სადაც ადვილად აალებადი პროდუქციის რეალიზაცია დაშვებულია. რეგლამენტის მე-19 მუხლში წერია, რომ მაღალი სახანძრო საშიშროების საქონელი უნდა იყიდებოდეს მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად მოწყობილ სავაჭრო ობიექტებში, საცალო ვაჭრობის ობიექტებში კი პიროტექნიკური ნაკეთობების შენახვისას დაცული უნდა იქნეს მათი შენახვისა და გამოყენების ინსტრუქციის მოთხოვნები, თუმცა კახეთში დღესაც ნახავთ ქუჩაში, ღია ცის ქვეშ, გასაყიდად გამოფენილ პროდუქციას, მათ შორის, უამინდობის პერიოდში.

პიროტექნიკა
პიროტექნიკა

ბოლო პერიოდში მოკვლევა არ ჩაუტარებიათ, თუმცა, წინა წლებში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი ვახტანგ კობალაძე ამბობს, რომ, მაგალითად, უკონტროლოა ის, თუ რამდენად უსაფრთხოა პროდუქცია, რომელიც საქართველოში გასაყიდად შემოდის:

„ერთია მოხმარების გაკონტროლება და მეორე - პიროტექნიკის ხარისხი. როგორც ვიცით, გაყიდვასთან დაკავშირებით რაღაც მოთხოვნები არსებობს (როგორ მუშაობს, ეს ცალკე ამბავია), მაგრამ თვითონ პიროტექნიკა როგორი შეიძლება იყოს, ხარისხიანია თუ არა, ეს საერთოდ უკონტროლო სფეროა. მე ვიცი, ხელისუფლების მიმართ იყო ირიბი მოწოდება იმის თაობაზე, რომ ეს სფერო გაკონტროლდეს ისე, როგორც ევროკავშირშია“.

ფოიერვერკი რომ საახალწლო დღესასწულებს ალამაზებს, ამაზე შესაძლოა ბევრი თანხმდებოდეს, თუმცა ჩვენ მიერ გამოკითხული რესპონდენტების დიდი ნაწილი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, საზოგადოების უსაფრთხოებისთვის მეტი ყურადღება გამოიჩინონ, ბაზარზე გასაყიდად გამოტანილ პიროტექნიკაზე კონტროლი გაამკაცრონ და კანონი აღასრულონ, თუმცა, თავის მხრივ, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები არსებულ უბედურ შემთხვევებზე საუბრისას არასრულწლოვანთა მშობლებისა და მათი ოჯახის წევრების პასუხისმგებლობაზეც მიუთითებენ. ისინი ამბობენ, რომ პიროტექნიკის გამოყენებისას ხშირად არ არის დაცული ის მოთხოვნები, რომელიც მწარმოებლებმა შეიმუშავეს - მაგალითად, ის, რომ შაშხანის გამოყენებისას მომხმარებელმა ის სხვა ადგილზე უნდა დაამაგროს და ხელში არ ეკავოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG