Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილის ცხედარი მის დევნილ ოჯახს გადასცეს


ოკუპირებული აფხაზეთისკენ მიმავალი ენგურის ხიდი
ოკუპირებული აფხაზეთისკენ მიმავალი ენგურის ხიდი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადაასვენეს 55 წლის გია გუნია, რომლის ცხედარი 13 დეკემბერს ნახეს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, მდინარე ენგურთან.

გარდაცვლილის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვენებისთვის ე.წ. საზღვრის გახსნის სპეციალური ნებართვა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გასცა.

გარდაცვლილის ძმის, გოდერძი გუნიას თანახმად, გია გუნია, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა და გალის მცხოვრებთაგან იცის, რომ დამნაშავე დაკავებულია: „საღამოს 8 საათი იქნებოდა, როცა დაეჯახა ჩემ ძმას. ამის შემდეგ კიდევ მოუვიდათ ავარია, რაც რუსებმა ნახეს ვიდეოთვალით და გადასცეს რაციით პოლიციას. როცა დაიჭირეს, თვითონ აღიარეს, მანამდე ერთ კაცს დავეჯახეთ და მგონი, მოვკალითო“.

გოდერძი გუნიას ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი, რომელიც გალში დააკავეს, ნასვამი იყო და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა.

გალის რაიონის მკვიდრის, 55 წლის გია გუნიას დევნილობაში მყოფი ოჯახის წევრები ზუგდიდში ცხოვრობენ. გარდაცვლილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაკრძალავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG