Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 24 დეკემბერს განიხილავს


საქართველოს პარლამენტში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა 24 დეკემბერს შედგება, პლენარულ სხდომამდე კი პარლამენტის კომიტეტებსა და უმრავლესობის ფრაქციაზე წარდგენილი მინისტთა კაბინეტის მოსმენა გაიმართება, სამთავრობო პროგრამასთან ერთად. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა და განხილვების პროცედურული გრაფიკი წარადგინა.

არჩილ თალაკვაძის განმარტებით, პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია თავის გუნდთან და სამთავრობო პროგრამასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში 4 შინაარსობრივ ბლოკად დაჯგუფებულ კომიტეტებში წარსდგება. კერძოდ, 21 დეკემბერს პირველი იქნება ეკონომიკური ბლოკი, მეორე ბლოკი კი რომელიც მთავრობის შემადგენლობას იმავე დღეს მოუსმენს, საგარეო და უსაფრთხოებისა და დიასპორის ბლოკი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მოსმენები გაგრძელდება მომდევნო დღეს, 22 დეკემბერსაც და ამჯერად მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრები ჯერ სოციალური ბლოკის კომიტეტების წინაშე წარსდგებიან, შემდეგ კი იურიდიული და ადამიანის უფლებების კომიტეტთა ბლოკის წინაშე. 23 დეკემბერს მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრებს დეპუტატები ფრაქციის ფორმატში შეხვდებიან, ხოლო 24 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

18 დეკემბერს არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მთავრობის ფორმირება შეთავაზებული გრაფიკით 24 დეკემბერს დასრულდება.

„ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ - ასე ჰქვია სამთავრობო პროგრამას, რომელიც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ მთავრობის შემადგენლობასთან ერთად დასამტკიცებლად 18 დეკემბერს წარუდგინა პარლამენტს.

გახარიას მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილებაა. გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც თეა წულუკიანის გადადგომის შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო, პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრი გახდება. მინისტრობის სხვა კანდიდატურები უცვლელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG