Accessibility links

site logo site logo

ბულგარეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს აძევებს ქვეყნიდან


რუსეთის სამხედრო ატაშე, ვასილი საზანოვიჩი (მარცხნივ)

ბულგარეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსი დიპლომატი, რომელიც ეჭვმიტანილია ჯაშუშობაში. მას 72 საათი მისცეს ქვეყნის დატოვებისთვის.

ამის თაობაზე იტყობინება რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაზე დაყრდნობით.

საგანგებო პროკურატურის მონაცემებით, რუსი დიპლომატი 2017 წლის შემდეგ აგროვებდა მასალას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. მათ შორის იყო ცნობა აშშ-ის ჯარის რაოდენობის შესახებ ბულგარეთში ერთობლივი წვრთნის დროს. ჩანს, ამ ინფორმაციას შემდეგ ის რუსეთის სამხედრო დაზვერვას, გე-ერ-უ-ს აწვდიდა.

ინფორმაცია ამის შესახებ პროკურატურას გადასცა სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა. ცნობით, რუსმა დიპლომატმა გადაიბირა ბულგარეთის მოქალაქე, რომლის ვინაობას არ ამხელენ.

ბულგარეთი არ ამხელს ასევე რუსი დიპლომატის ვინაობას. სოფიაში რუსეთის საელჩო იტყობინება, რომ აძევებენ რუსეთის სამხედრო ატაშეს. საელჩოს საიტის მიხედვით, ეს თანამდებობა უკავია ვასილი საზანოვიჩს. მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები შეფასებულია, როგორც „უსაფუძველო.“

საზანოვიჩი მეექვსე რუსი დიპლომატია, რომელსაც ბულგარეთიდან აძევებენ 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ. ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს 2020 წლის იანვარში, ორი - სექტემბერში, ერთი კი, 2019 წლის ოქტომბერში. რუსეთი მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს.

რუსეთმა ყველა შემთხვევის საპასუხოდ გააძევა ბულგარელი დიპლომატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG