Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის კომიტეტები დღეს დაასრულებენ მთავრობის შემადგენლობის განხილვას


საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში დღეს, 22 დეკემბერს გაგრძელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის და მისი 2021-2024 წლების პროგრამის: „ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის“ განხილვა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმენენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატებს, მიხეილ ჩხენკელს და ეკატერინე ტიკარაძეს.

საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარდგებიან თავდაცვის, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატები ირაკლი ღარიბაშვილი, გოჩა ლორთქიფანიძე და ვახტანგ გომელაური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი თეა ახვლედიანი.

21 დეკემბერს, პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტებში მოუსმინეს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს, ლევან დავითაშვილს, ნათია თურნავას, მაია ცქიტიშვილს და ივანე მაჭავარიანს და ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს.

„ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებულმა გიორგი გახარიამ მთავრობის შემადგენლობა და პროგრამა პარლამენტს 18 დეკემბერს წარუდგინა. მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილებაა - იუსტიციის მინისტრად წარდგენილია გოჩა ლორთქიფანიძე, რომელმაც პარლამენტის წევრად არჩეული თეა წულუკიანი უნდა შეცვალოს.

19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ მედიას უთხრა, რომ გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში უფლებამოსილების შესრულებას რამდენიმე თვეში შეუდგება, მანამდე კი საქმიანობას სამთავრობო გუნდში გააგრძელებს.

23 დეკემბერს მთავრობის შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნება“ მოუსმენს, 24 დეკემბერს კი მინისტრთა კაბინეტს და მის პროგრამას კენჭი ეყრება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

მთავრობას ნდობის მისაღებად სჭირდება სულ მცირე 76 ხმა. მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 90 დეპუტატი ჰყავს. მმართველი პარტია პარლამენტში მარტო საქმიანობს, რადგან ოპოზიციამ, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. 8 ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტიდან მეათე მოწვევის პარლამენტში 60 დეპუტატია. 55-მა პარლამენტს უკვე მიმართა უფლებამოსილების შესაწყვეტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG