Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა მოიწონა კანონპროექტი ბელარუსში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ


აშშ-ის სენატმა მოიწონა კანონპროექტი „ბელარუსში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სუვერენიტეტის“ შესახებ. ის პრეზიდენტს დამატებით უფლებამოსილებებს ანიჭებს ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების შემოსაღებად, კერძოდ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც აშშ გაყალბებულად მიიჩნევს, ასევე საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო.

მანამდე კანონპროექტი მოიწონა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ. ის წარადგინა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ქრისტოფერ სმითმა, რომლის პროექტების მიხედვით წინა წლებში უკვე რამდენიმე კანონი იქნა მიღებული ბელარუსში დემოკრატიის დასაცავად. დოკუმენტს ორივე პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი. იმისთვის, რომ ის ძალაში შევიდეს, მას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ სანქციები შეიძლება შემოღებულ იქნეს არა მხოლოდ ბელარუსის, არამედ რუსეთის მოქალაქეების მიმართაც, რომლებმაც „მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღეს მედიის დევნასა და ადამიანის უფლებების დარღვევებში ბელარუსში პოლიტიკურ რეპრესიებთან დაკავშირებით“.

ბელარუსში 9 აგვისტოდან მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ, რომლის მიხედვით, ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ. ოფიციალური მოსკოვი, დასავლეთისგან განსხვავებით, აღიარებს ლუკაშენკას გამარჯვებას და მისთვის არაერთხელ გამოუხატავს მხარდაჭერა. იტყობინებიან ასევე რუსეთის მედიასაშუალებების, კერძოდ, RT-ის თანამშრომელთა დახმარების შესახებ ბელარუსის ოფიციალური მედიის მიმართ, რომელიც ლუკაშენკას მხარდამჭერ ხაზს ატარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG