Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე პარლამენტის ერთადერთ ფრაქციაში იმსჯელებენ


საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის ჯერჯერობით ერთადერთი ფრაქცია, „ქართული ოცნება“ დღევანდელ სხდომაზე განიხილავს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მმართველი პარტიის ფრაქციას სამთავრობო პროგრამას: „ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის“ წარუდგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია, რომელიც პარლამენტში მივა მინისტრობის კანდიდატებთან ერთად.

21 და 22 დეკემბერს მინისტრობის კანდიდატთა მოსმენები გაიმართა პარლამენტის კომიტეტებში, რომლებმაც ყველა კანდიდატს მხარი დაუჭირეს.

„ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასახელებულმა გიორგი გახარიამ მთავრობის შემადგენლობა და პროგრამა პარლამენტს 18 დეკემბერს წარუდგინა. მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილებაა - იუსტიციის მინისტრად წარდგენილია გოჩა ლორთქიფანიძე, რომელმაც პარლამენტის წევრად არჩეული თეა წულუკიანი უნდა შეცვალოს.

ამასთან, გარკვეული დროის შემდეგ ლორთქიფანიძეს მინისტრობაზე უარის თქმა მოუწევს, რადგან 19 დეკემბერს აირჩიეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ. 22 დეკემბერს, გოჩა ლორთქიფანიძემ მედიას უთხრა, რომ მოსამართლის უფლებამოსილების შესრულების დაწყების თარიღი დამოკიდებულია სხვადასხვა პროცედურულ და ორგანიზაციულ საკითხზე და ეს ყველაფერი მოითხოვს მინიმუმ რამდენიმე თვეს.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და მის პროგრამას პარლამენტი კენჭს უყრის რიგგარეშე სესიაზე, რომელიც დღეს, 23 დეკემბერს იხსნება.

მთავრობას ნდობის მისაღებად სჭირდება სულ მცირე 76 ხმა. მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 90 დეპუტატი ჰყავს. მმართველი პარტია პარლამენტში მარტო საქმიანობს, რადგან ოპოზიციამ, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. 8 ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტიდან მეათე მოწვევის პარლამენტში 60 დეპუტატი აირჩიეს. 50-ზე მეტმა პარლამენტს უკვე მიმართა უფლებამოსილების შესაწყვეტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG