Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია ოპოზიციის მანდატებზე: რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ დემოკრატიზაციის მიღწევა არ გამოიყენონ


საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ დემოკრატიზაციის მიღწევაა, როცა არჩევნების შედეგად 9 ოპოზიციური პარტია 60 მანდატით ხვდება პარლამენტში. ამის შესახებ მან ფრაქცია "ქართულ ოცნებასთან" საუბრის დროს განაცხადა.

"მე, უბრალოდ, არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმის, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს. შეუძლებელია ამაზე ადეკვატური პასუხის გაცემა და საპირისპირო მხრიდან იყოს აშკარად პროცესი სახელმწიფო ინსტიტუტების და თვითონ სახელმწიფოს დელეგიტიმაციის, რომელიც დღეს, ყოველდღიურად გრძელდება", - თქვა გახარიამ.

მისი თქმით, ვერცერთ პოლიტიკურ პარტიას ვერ აიძულებენ, საპარლამენტო საქმიანობა დაიწყოს.

"ამ პოლიტიკურ არჩევანს, ნაბიჯს და გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქე, როგორც კი მას ეს შესაძლებლობა ექნება და ექნება შემდგომი არჩევნების პირობებში, ვგულისხმობ მუნიციპალურ არჩევნებს, შესაბამის შეფასებას მისცემს. მე ამაში დარწმუნებული ვარ", - თქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

მაშინ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე საუბრობენ, პარალელურად დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში, პარტიებს დაფინანსებას უზღუდავს. ამ კანონპროექტს ოპოზიციაში მათზე ზეწოლად აფასებენ იმ პირობებში, როცა ისინი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და არ იზიარებენ შედეგებს.

XS
SM
MD
LG